ყაჩაღობა

შსს: ოზურგეთში ქალი ცივი იარაღით დაჭრეს და დააყაჩაღეს, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 24 ივლისს, ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღით ხელში დაჭრა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები