ახალი კორონავირუსი საქართველოში

Silk Road მთავარ არხს სიცრუეში იმისთვის ადანაშაულებს, რაც I არხზეც ითქვა

რადისონ ბლუ ბათუმი

Silk Road ჯგუფმა 24 ივლისს გაავრცელა განცხადება, სადაც მთავარი არხ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

საქმე ეხებოდა Silk Road-ის ერთ-ერთ სასტუმროში, ბათუმის რედისონში სტუმრისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებას.

"სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სასტუმროს მენეჯმენტი ადასტურებს, რომ კოვიდ-19 რომლიმე ყაზახ სტუმარს დაუდასტურდა. სასტუმრო ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ერთ-ერთი სტუმრის მორიგმა PCR ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა". - ვკითუხლობთ Silk Road-ის განცხადებაში.

განცხადება მთავარ არხზე ცხრასაათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს ეხებოდა, თუმცა ინფორმაცია, რომ რედისონის ინფიცირებული სტუმარი ყაზახი იყო, ამ სიუჟეტამდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც გაავრცელა.

პირველი არხის ექვსსაათიანი საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტში ნათქვამია:

"ინფიცირების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა სასტუმროს მენეჯმენტმა მხოლოდ დღეს დაადასტურა. „რედისონის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყაზახეთის მოქალაქეს ტესტი საზღვარზე ჩაუტარდა, პასუხი უარყოფითი იყო. ამის შემდეგ ის სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში დაბინავდა და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში."

პირველი არხის სიუჟეტში ისიცაა ნათქვამი, რომ რედისონის სტუმარი ეპიდემიოლოგიურ ნორმებსაც არღვევდა, კერძოდ, ნომერში სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა და ოთახს სასტუმროს თანამშრომლები ალაგებდნენ, რაც აგრეთვე არაა ნებადართული.

გარდა ინფიცირებულის ეროვნებისა, მთავარი არხი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით მის სახელს და გვარსაც ავრცელებს. Silk Road კი უარყოფს, რომ ვირუსი ყაზახ ბიზნესმენს, ერკინ ტატიშევს დაუდასტურდა, თუმცა ადასტურებს, რომ ეს ადამიანი მართლაც იმყოფება საქართველოში.

"ერკინ ტატიშევს რამდენჯერმე ჩატარებული ტესტირების შედეგად ვირუსი არ დაუდგინდა". - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მთავარის სიუჟეტში იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ ერკინ ტატიშევი საქართველოში Silk Road-ის მფლობელის, გიორგი რამიშვილის მოწვევითაა და მას შეხვდა კიდეც. Silk Road ამ ინფორმაციასაც უარყოფს.

ცნობა იმის შესახებ, რომ ბათუმის რედისონის სტუმარს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, თავდაპირველად ბათუმელებმა გაავრცელა 23 ივლისს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა და სასტუმრო 23 ივლისამდე არ ადასტურებდა.

კომენტარები