უკრაინა-რუსეთი

ზელენსკიმ და პუტინმა სატელეფონო საუბარში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილეს

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი
UNIAN

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფქლიქტი განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას, რომელიც ძალაში 26 ივლისს შევიდა და ასევე მის სამომავლო გახანგრძლივებას.

"ისინი მიესალმებიან შეთანხმებას დონბასში სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ამ შეთანხმებას მხარს უჭერს. ლიდერები თანხმდებიან, რომ სასწრაფოდ არის აუცილებელი დამატებითი ზომების მიღება დონბასში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობისათვის. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განაღმვით სამუშაოებზე, კონტაქტის წერტილებში ახალი პუნქტების გახსნაზე და ძალების გაგზავნაზე თანამშრომლობის დეტალები განიხილეს". –ნათქვამია უკრაინის განცხადებაში.

მათი თქმით, ასევე განიხილეს ეუთოს მონიტორინგის მისიის მხარდაჭერის და დაკავებულებთან წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეშვების საკითხებიც.

თუმცა, კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სხვა აქცენტები დასვეს. მასში ნათქვამია, რომ პუტინმა უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების დღედ 25 ოქტომბერი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც კანონი დამატებით პირობებს აყენებს არჩევნების ჩასატარებლად, მათ შორის უკანონო შეიარაღებული ძალების გასვლას.

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინს ეს კანონი მინსკის შეთანხმების საწინააღმდეგოდ მიაჩნია, თუმცა უკრაინაში განმარტავენ, რომ მინსკის შეთანხმებით, არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურმა კიევმა ამ ტერიტორიაზე საკუთარი კანონიერი მმართველობა უნდა გაავრცელოს.

---

კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად საცხოვრებლის მიტოვება 1.5 მილიონამდე ადამიანს მოუხდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს. 24 აპრილს პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გაამარტივა.

2019 წლის სექტემბერში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრისას, უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერებმა “შტაინმაიერის ფორმულა” განიხილეს, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. სამიტზე უკრაინა და რუსეთი პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

"შტაინმაიერის ფორმულის" მიხედვით, არჩევნების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს თვითმმართველობის სპეციალური სტატუსი ექნება. არჩევნები, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, უკრაინის საარჩევნო კომისიამ უნდა ჩაატაროს და მას ეუთო დააკვირდება. იმ შემთხვევაში თუ ეუთო დაასკვნის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, რეგიონს თვითმმართველი სტატუსი მიენიჭება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არჩევნების ჩატარების მთავარი პირობაა ტერიტორიიდან რუსული ძალების და რუსების მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების გასვლა. ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინაში პროტესტი მოჰყვა– მოსახლეობის ნაწილი მის ნაბიჯს კაპიტულაციად აფასებს.

კომენტარები