განათლების სისტემა

ქართული განათლების სისტემა - შესაძლებლობები და გამოწვევები [ანუ რა დაგვანახა პანდემიამ]

ლალი ანთიძე
0 კომენტარი

ის, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ ცვლილებების გარდაუვალობაში დაგვარწმუნა, ამაზე აღარავინ დაობს. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რომელი უკვე ღრმად ფესვგადგმული პრობლემა დაგვანახა მან, რა პრობლემები შექმნა თავად, რა პრობლემები დარჩება მის შემდეგ და რა არის მათი გადაჭრის გზები.

პრობლემების ნაკლებობას, ჩვენი ქვეყანა და მით უფრო, განათლების სისტემა, არასდროს არ უჩიოდა (თუმცა, თავისებური სირთულეები ყველა განათლების სისტემის წინაშე დგას), მაგრამ პანდემიამ დამატებით მოგვიტანა უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა (რომელიც, უპირველესად, დამეთანმებით, რომ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ზღუდავს), უმკაცრესი რეგულაციები და მონიტორს მიჯაჭვული პროფესორები, სტუდენტები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები...

თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ პანდემიის მიმდინარეობის პროცესის დასასრულს ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, ძნელი არ არის იმის თქმა, რამდენად უძლური აღმოჩნდება არსებული სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე. ყოველდღიური უამრავი მაგალითიც მის სიმყიფეს მოწმობს.

ნებისმიერ კრიზისულ ვითარებაში ადამიანში, და ზოგადად სოციუმში, ირთვება თვითორგანიზების მექანიზმები, რომელიც ახალ რეალობასთან ადაპტაციის მოდელების მრავალფეროვნებას წარმოშობს. ამის საპირისპიროდ, არსებული მკაცრად რეგულირებული სისტემა მოქნილობას კარგავს, ხოლო უნიფიცირებული მიდგომა ხშირ შემთხვევაში არარელევანტურია.

უპრიანია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლების სისტემები. თავის მხრივ, საუნივერსიტეტო სწავლების საფეხურზეც საბაკალავრო და სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფუნქციონირებაც ერთნაირი რისკის მატარებელი არ არის. დისტანიური სწავლება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე ყველაზე ნაკლები დანაკარგის პირობებში შეიძლება წარიმართოს (თუ არ ჩავთვლით ისეთ ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობას, რომელიც გაციფრულებული არ არის და აუცილებელია კვლევითი საქმიანობისათვის).

ვინაიდან, ამ საფეხურებზე სიმძიმის ღერძი სტუდენტის (მაგისტრანტის/დოქტორანტის) ინდივიდუალური მუშაობისკენ არის გადახრილი და მკვლევრის უნარების განვითარებაზეა მიმართული, მას - სტუდენტს - შეუძლია (უნდა შეეძლოს) საკუთარი კომპეტენციები დამოუკიდებელად შეიძინოს და წარმართოს, თუნდაც, დისტანციური სწავლების პირობებში. ასეთ შემთხვევაში პროფესორის (მენტორის) როლი მინიმალურიც კი შეიძლება იყოს, მან ერთგვარი ყავარჯნის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დაეხმაროს ინდივიდუალური უნარების განვითარებაში. მეტიც, დისტანციური სწავლება უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის ერთობლივი საუნივერსიტეტთაშორისო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისათვის სხვადასხვა ქვეყნის დონეზეც კი.

ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პირობებში ყინული გალღვა და ის პროცესები, რომლის იმპლემენტაციასაც, შესაძლოა, წლები დასჭირვებოდა, უმოკლეს დროში განხორციელდა.

სხვა ვითარებაა საუნივერსიტეტო სწავლების საბაკალავრო საფეხურზე. უნდა ვაღიაროთ, რომ საბაკალავრო საფეხურზე და სასკოლო სისტემაში სრული კოლაფსია. არაფერი რომ არ ვთქვათ, წმინდა სახის ტექნიკურ პრობლემებზე (ინტერნეტსა და ტექნიკურ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობა), ცხადად გამოჩნდა განათლების სისტემისა და კულტურულ-მენტალური თავისებურების ყველა ნაკლოვანება: მხოლოდ შეფასების მიღებაზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობისგან გაქცევის იმპროვიზირებული გზების ძიება, მოტივაციის ნაკლებობა...

პანდემიამ ეს კარგად დაგვანახა. დისტანციურმა სწავლებამ სააშკარაოზე გამოიტანა სასკოლო განათლების არსებული სისტემის სიმახინჯეები და ბევრ მშობელში სრულიად სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. დაიწყო "დიადი მიგრაცია" – შეშფოთებულ მშობლებს შვილები გადაჰყავთ "სხვა სკოლაში" იმ იმედით, რომ იქ, მართლაც, განსხვავებული გარემო დახვდებათ. სამწუხაროდ, არავითარი "სხვა სკოლა" არ არსებობს. რეალობა ასეთია: ქვეყნის მასშტაბით გვაქვს ერთიანი სისტემა – ერთი სკოლა, რომელიც უმკაცრესად კონტროლდება ასევე მკაცრად იერარქიული ვერტიკალის მეშვეობით. პარადოქსული ისაა, რომ საჯარო და კერძო სკოლები იდენტურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. სისტემის არც ერთ რგოლს: არც მასწავლებელს, არც დირექტორს, არც მშობელს, და მით უმეტეს, არც მოსწავლეს არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს და კორექტივები შეიტანოს საგანმანათლებლო პროცესში. ამის ყველანაირი მცდელობა რეგულაციების დარღვევაა და კანონით ისჯება.

"ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა" და "ზოგადი განათლების შესახებ კანონში" დეკლარირებულია, რომ განათლების სისტემის მიზანი, თავისუფალი და ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდაა, მაგრამ როგორ არის შესაძლებელი თავისუფალი ადამიანის აღზრდა ყველაზე არათავისუფლად რეგულირებულ სისტემაში, ეს გაუგებარია. როგორ უნდა აღიზარდოს განსხვავებულად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, როცა თავად სისტემა ებრძვის განსხვავებულობასა და კრიტიკულობას. მეტიც, იმ მშობლებს, რომლებმაც კარგად გაიაზრეს არსებული სისტემის მანკიერებები, არ ვაძლევთ სისტემიდან გასვლის და ბავშვისთვის განსხვავებული განათლების მიცემის საშუალებას. ასევე, ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ხედვით, ინოვაციური მეთოდების დანერგვით სკოლის გაკეთება, არ ვაძლევთ ამის უფლებას. იქმნება ექსტრაორდინალური ვითარება: ქვეყანაში კანონდარღვევად ითვლება ერთი მხრივ, საკუთარი შვილისთვის უკეთესი განათლების მიცემის სურვილი, ხოლო მეორე მხრივ - საკუთარი ხარჯებით უკეთესი სკოლის შექმნის მცდელობა. ეს მიგვაჩნია სამართლიან წესრიგად უკვე ოცდაათი წელია და მისი შეცვლისთვის ბევრი ნამდვილად არ გვიბრძოლია.

ნებისმიერი სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა კონკურენციაა. კონკურენცია ყოველთვის და ყველა სფეროში იწვევს ხარისხის გაუმჯობესებასა და ფასების კლებას. გამონაკლისი არც განათლების სისტემა არ უნდა იყოს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ის თითქმის სრულიად დაცლილია კონკურენციისგან. კერძო სკოლის დაფუძნება იმდენად რთულია, რომ ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, ხოლო რეგულაციებით იმდენადაა დამძიმებული, რომ ნებისმიერი სკოლა, საჯარო იქნება ის თუ კერძო, ერთმანეთისგან მხოლოდ კოსმეტიკურად განსხვავდება. არ გვაქვს სამართლიანი ვაუჩერული სისტემა, ავტონომიურობა კი - არათუ პრაქტიკაში, არამედ დისკუსიის დონეზეც არ განიხილება.

ყველაფერი მკაცრად რეგულირებულია, ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, სასწავლო საგნები, შენობა, საგაკვეთილო საათების რაოდენობა, გაკვეთილის ტიპი და ა.შ. მაშინ რატომ ველით, რომ ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შედგენილი პროგრამით, ერთნაირი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების მიერ მოწოდებული, ერთი და იგივე სახელმძღვანელოებში ამოკითხული, ერთი და იგივე გარემოში მიღებული განათლება იქნება ჩვენი შვილებისთვის წარმატების გარანტი ასე სწრაფად ცვალებად და არაპროგნოზირებად მომავალში? რა არის გამოსავალი? გამოსავალი მრავალფეროვნებაშია. შეუზღუდავად უნდა იყოს შესაძლებელი ალტერნატიული ინოვაციური განათლების როგორც მიწოდება, ასევე მოხმარებაც. სკოლებს უნდა მიეცეს რეალური ავტონომია, კერძო სკოლები გათავისუფლდეს რეგულაციებისაგან, შესაძლებელი გახდეს ჰოუმსკულინგი (და არა მხოლოდ ერთეულებისთვის). უპირველესად, მშობლებს უნდა დაუბრუნდეთ საკუთარი შვილის აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მათ უნდა ჰქონდეთ უნიფიცირებული სისტემისგან გასვლის უფლება. რაც, ბუნებრივია, იმასაც გულისხმობს რომ შეიცვალოს ატესტატის გაცემის წესი. თუკი მოსწავლე დაამტკიცებს საკუთარ ცოდნას, უნდა ჰქონდეს ატესტატის აღების და ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარების უფლება, მიუხედავად იმისა, სად არის ეს ცოდნა შეძენილი. მიუხედავად იმისა, რომ ძნელი სათქმელია, თუ რა იქნება უახლოეს მომავალში და როგორ შეხვდება კაცობრიობა შეცვლილ გარემოს, შეიძლება ითქვას რომ, გარკვეულწილად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი თავისთავად გამოკვეთს მომავლის კონტურებს.

ცხადი გახდა არსებული სასკოლო განათლების სისტემის სრული უძლურება. შექმნილ გამოწვევაზე არაადეკვატური რეაგირება დანაშაულის ტოლფასი შეიძლება გახდეს. როცა სისტემის კრიზისი სახეზეა და ძველი თამაშის წესები ვერ პასუხობს შეცვლილ გარემოს, უფრო მეტიც, შექმნილ ფოსრმაჟორულ ვითარებაში საკუთარი სტანდარტების დაცვასაც ვერ უმკლავდება, იქმნება პარადოქსული ვითარება: სისტემა შესაბამისი განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს, ხოლო მათ, ვისაც ასეთი სერვისის მოძიება შეუძლიათ, არ აძლევს ამის გაკეთების საშუალებას.

გამოსავალი ერთია - პასუხისმგებლობა და გადაწყეტილების მიღება საზოგადოების, განათლების მესვეურების და მშობლების წილ უნდა გადავიდეს. ამგვარი დეცენტრალიზაცია და უფლება-მოვალეობების დელეგირება შექმნის სასკოლო მოდელების მრავალფეროვნებას და არჩევანის ფართო სპექტრს.  

                                        ბსუ ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები