რუსეთი

რუსეთში მოკლეს პირი, რომელიც უშიშროების სამსახურის ინფორმაციით ტერაქტს გეგმავდა

РИА Новости

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრი მოსკოვში, ხალხმრავალ ადგილას, შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდა. ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საგამოძიებო კომიტეტთან თანამშრომლობით მოახერხა ტერაქტის თავიდან არიდება. 

ეჭვმიტანილმა დაკავებისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს. საპასუხო ცეცხლის შედეგად თავდამსხმელი მოკლეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია AK-47-ის ტიპის ავტომატური იარაღი, სამი მჭიდი და F1 ტიპის ორი ყუმბარა. 

ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელი ცენტრალური აზიის ქვეყნის მოქალაქეა და მოსკოვში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. თავდამსხმელის ნათესავები ორი კვირის მანძილზე მას უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ.

დაკავებულია თავდამსხმელის ძმაც. ის ეჭვობდა, რომ მისი ძმა სირიაში აპირებდა წასვლას და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირები. ამის შესახებ მან სამართალდამცველებს აცნობა.

ჯერჯერობით, უცნობია, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა მოკლული თავდამსხმელი.

კომენტარები