კოსმოსური მისია მარსზე

NASA-ს როვერი მარსიდან ჩამოვარდნილ მეტეორიტს წითელ პლანეტაზე დააბრუნებს

0 კომენტარი
ფოტო: NASA

მარსის პატარა ნატეხი მალე მშობლიურ პლანეტას დაუბრუნდება. 30 ივლისს NASA-ს როვერის Perservance-ის მარსზე გაგზავნა იგეგმება. როვერს თან მიაქვს მეტეორიტის ნატეხი Sayh al Uhaymir 008 (SaU 008).

მეტეორიტი როვერის საძიებო სისტემის კალიბრაციისთვის არის საჭირო. დანადგარმა, რომლის ინგლისური აბრევიატურაა SHERLOC-ი, მარსზე უნდა მოძებნოს და შეაფასოს ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც, შესაძლოა, პლანეტაზე სიცოცხლის კვალთან იყოს დაკავშირებული. 

SHERLOC-ი საკმაოდ რთული დანადგარია და მისი ხშირი კალიბრაციაა საჭირო. მარსზე გაგზავნილ ტექნიკას საკმაოდ მკაცრი ბუნებრივი პირობების გამოვლა უწევს. იმისათვის, რომ მეცნიერები დარწმუნდნენ, დანადგარი გამართულად მუშაობს, შეიქმნა მისი შემოწმების საინტერესო სისტემა. როვერს თან მიაქვს ათი “სამიზნე”, სხვადასხვა ნივთიერებები, რომელთა ქიმიური შემადგენლობა მეცნიერებისთვის კარგადაა ცნობილი. “სამიზნე” ნივთიერებების პერიოდული სკანირების შემდეგ, SHERLOC-ი მონაცემებს დედამიწაზე გადმოაგზავნის, რომლებსაც შემდეგ შეადარებენ “სამიზნეების” საწყის ქიმიურ შემადგენლობას, რაც დაეხმარება მეცნიერებს იმის შეფასებაში, რამდენად ზუსტია SHERLOC-ის მიერ შეგროვებული მონაცემები.

SaU 008-ი მეტეორიტის ნატეხი ერთერთია ამ ათ “სამიზნეს” შორის. ერთერთი მიზეზი, რის გამოც მარსიდან ჩამოვარდნილ ორასამდე მეტეორიტს შორის სწორედ SaU 008-ი შეირჩა, მისი განსაკუთრებული სიმყარეა. მარსული მეტეორიტების დიდი ნაწილი საკმაოდ მყიფეა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ SaU 008-ის ნატეხი მარტივად გაუძლებს იმ რთულ მოგზაურობას, რომელიც პლანეტათშორის მისიას წითელ პლანეტამდე ელოდება.

მეტეორიტი SaU 008-ი, 1999 წელს ომანის უდაბნოში აღმოაჩინეს. ამ დრომდე ის ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახებოდა. ის დაახლოებით, 450 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. კომეტის ან ასტეროიდის მარსთან შეჯახების შედეგად კი, დაახლოებით, 600 000 - 700 000 წლის წინ მოწყდა პლანეტის ზედაპირს და მეცნიერთა ვარაუდით, 1000 წლის წინ ჩამოვარდა დედამიწაზე. 

NASA-ს Perservence-ის მისია ერთერთია იმ სამ კოსმოსურ მისიას შორის, რომელთა გაგზავნაც 2020 წლის ზაფხულში დაიგეგმა. მარსზე უკვე გაიგზავნა არაბთა გაერთიანებული საამიროების და ჩინეთის პლანეტათშორისი მისიები. 

სამივე მისიის ერთ პერიოდში გაშვება განპირობებულია ამ დროს მარსისა და დედამიწის სიახლოვით, მოვლენით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება. პლანეტების დაახლოება მარსამდე ჩასვლის დროს ამცირებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები