არჩევნები 2020

ვაშაძე ჩხარტიშვილზე: 2018 წელს, საარჩევნო შტაბის უფროსობის დროს არ იყო ჩემი ცოლის ნათესავი?

გიორგი ვაშაძე სასაცილოს უწოდებს სალომე სამადაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მის პარტიას "ახალი საქართველოსთვის" ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს.

"ყვითელი პრესის დონეზე დავიდა უკვე ეს საკითხი. 2018 წელს საარჩევნო შტაბის უფროსი რომ ვიყავი, მაშინ ჩემი ცოლის ნათესავი არ იყო? ჩემი აზრით, რაც ხელს შეუშლის ოპოზიციის გამარჯვებას, ეს არის ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა". – თქვა მან ტვ პირველის ეთერში.

ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და კანონი და სამართალის დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით, სტრატეგია აღმაშენებელი შექმნეს. ამის შესახებ ვაშაძემ დღევანდელ, 27 ივლისის, ბრიფინგზე თქვა. მათ გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს. პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო პროგრამას 30 ივლისს წარადგენს.

სწორედ ამ ფაქტის შეფასების დროს თქვა ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა, რომ ვაშაძის პარტიას "ჰყავს დამფინანსებელი, რომელსაც საკუთარი ხედვები აქვს". სამადაშვილმა აქცენტი ბიძინა ივანიშვილის დამარცხების აუცილებლობაზე გააკეთა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ გიორგი ვაშაძე თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატად ისნის ოლქში წარადგინა. თაკო ჩარკვიანი კი, საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობა არ გეგმავს, რეგიონებში კანდიდატები დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს შეუთანხმოს და ყველგან თავის კანდიდატს დააყენებს. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე, მხოლოდ, თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი ეყოლება. ევროპული საქართველო დანარჩენ ოპოზიციას რეგიონებში გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები