ესპანური გრიპი

როგორ ეწინააღმდეგებოდნენ ნიღბების ტარებას 1918 წლის პანდემიისას

1918-1919 წლების გრიპის პანდემია ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი პანდემია იყო. გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონამდე ადამიანი მოკლა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მთლიანობაში გრიპისაგან 675 000-მდე ადამიანი დაიღუპა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების შეჩერება სხვადასხვა ხერხით სცადა. დაიხურა სკოლები და გასართობი დაწესებულებები, აიკრძალა ქუჩაში გადაფურთხება, ადამიანებს ურჩევდნენ ცხვირსახოცებისა და ერთჯერადი ხელსახოცების გამოყენებას და საჯარო სივრცეში ნიღბების ტარებას ავალდებულებდნენ.

ნიღბის სავალდებულო ტარების მოთხოვნები, ძირითადად, აშშ-ს დასავლეთ შტატებში არსებობდა და როგორც ჩანს, ხალხი აქტიურად ითვალისწინებდა ამ მოთხოვნებს. ამ პერიოდში აშშ  პირველ მსოფლიო ომში იყო ჩაბმული და მთავრობამ მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო შეზღუდვები წარუდგინა, როგორც ჯარების სასიკვდილო დაავადებისგან დაცვის საშუალება.

აშშ-ში ესპანური გრიპის პირველი აღრიცხული შემთხვევა კანზასში დაფიქსირდა. ის ფორტ რაილის ბაზაზე განაწილებულ აშშ-ს არმიის რიგითს დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ომის პერიოდში აშშ გრიპთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას ხელს უშლიდა, საზოგადოებაში არსებობდა შეგრძნება, რომ გრიპის პრევენციული ზომების გათვალისწინება პატრიოტულად მიიჩნეოდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ესპანეთი ნეიტრალური იყო და თავისუფლად აშუქებდა გრიპთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სწორედ ამიტომ ეწოდა ამ  ინფექციას "ესპანური გრიპი".

წითელი ჯვრის ერთ-ერთი სოციალური რეკლამა იტყობინებოდა: "კაცი, ქალი ან ბავშვი, რომელიც ახლა ნიღაბს არ ატარებს, "სახიფათო ზარმაცია". ომიანობისას პასუხისმგებლობის ეს შეგრძნება და შიში, არ მიეჩნიათ  "ზარმაცებად", ბევრს აგულიანებდა, დამორჩილებოდა ნიღბების ტარებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს  სან-ფრანცისკოში, სიეტლში, დენვერსა და ფენიქსში.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება აქტიურად ითვალისწინებდა შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, ბევრი წუწუნებდა, რომ ნიღბები არაკომფორტული, არაეფექტური და საქმისათვის საზიანო იყო. ოფიციალური პირებიც კი შემჩნეულნი იყვნენ საზოგადოებრივ ადგილებში უნიღბოდ. ომის დამთავრების შემდეგ კი, როდესაც გაქრა შეგრძნება, რომ ნიღბების ტარება სამხედროების უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო, ზოგიერთმა განხეთქილების ჩამომგდებმა სან -ფრანცისკოში "ნიღბების საწინააღმდეგო ლიგაც" კი ჩამოაყალიბა.

ნიღბები დოლბანდისგან ან მეტად ნასვრეტებიანი ქსოვილისგან იყო დამზადებული

1918 წლის ნიღბები ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე  N95 ტიპის მოწინავე ნიღბებისგან, რომლებსაც სამედიცინო მუშაკები დღეს იყენებენ. ქირურგიული ნიღბები დოლბანდისგან იყო დამზადებული. დოლბანდისავე იყო ნიღბები, რომლებსაც გრიპის წინააღმდეგ იყენებდნენ. ნიღბების კეთებასა და დარიგებაში მონაწილეობას წითელი ჯვრის მოხალისეებიც იღებდნენ. გაზეთებში იბეჭდებოდა ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც მსურველებს შეეძლოთ, თავად გაეკეთებინათ ნიღბები პირადი მოხმარებისთვის ან სამხედროებისთვის გასაგზავნად. თუმცა ყველა არ იყენებდა სტანდარტულ ქირურგიულ დიზაინსა და მასალას.

"ნიღბების ტარება რომ წაეხალისებინათ, ქალაქები საკმაოდ სუსტად აკონტროლებდნენ, კონკრეტულად როგორ ნიღბებს ატარებდა ხალხი". - ყვება ალექს ნავარო, მიჩიგანის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიის ცენტრის დირექტორის მოადგილე და "1918-1919 წლების ამერიკული ეპიდემია: ციფრული ენციკლოპედიის" ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი.

1918 წლის ოქტომბერში Seattle Daily Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "გრიპის ვუალები ახალ მოდას იწყებს: სიეტლელი ქალები დაავადებისგან თავდასაცავად შიფონის ბადეებს იყენებენ". ეს "მოდური" და სხვა საეჭვო მასალისგან დამზადებული ნიღბები, სავარაუდოდ, დიდად შედეგიანი ვერ იქნებოდა. სამედიცინო და სამეცნიერო სფეროში იმაზეც კი მსჯელობდნენ, რამდენად ეფექტური იყო რამდენიმეშრიანი დოლბანდის ნიღბები.

მაგალითისთვის, დეტროიტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა ჯ.ვ. ინჩმა თქვა, რომ დოლბანდის ნიღბები ზედმეტად ნასვრეტებიანი იყო იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელება შეეჩერებინა. ნიღბები ყველაზე ეფექტური იყო, როცა მათ სწორად ატარებდნენ, რაც ყოველთვის  არ ხდებოდა. ფენიქსში, სადაც  ძირითადად ემორჩილებოდნენ ქალაქის კანონს ნიღბების ტარების შესახებ, ზოგი სიგარეტის მოსაწევად ნიღბებს ხვრეტდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა მათ ეფექტურობას.

"უნიღბო ზარმაცებს" სასჯელი ემუქრებოდათ

თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის, უნიღბოდ სიარულის მიზეზი არა მეცნიერთა ვარაუდები, არამედ პირადი დისკომფორტი იყო.

"რეგულარულად ვკითხულობთ ადამიანებზე, რომლებსაც ნიღბების ტარება სიცხისა და ჩახუთულობის გამო არ უნდოდათ", - ყვება ნენსი ბრისტოუ, ფაჯეთ საუნდის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის თავჯდომარე და ავტორი წიგნისა "ამერიკული პანდემია: 1918 წლის გრიპის პანდემიის დაკარგული სამყაროები", - "ზოგი ნიღბების წინააღმდეგია, რადგან, მათი თქმით, ნიღბები საზოგადოებაში შიშს აღვივებს მაშინ, როცა სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ საბაბია ნიღბების გასაკრიტიკებლად და ვიღაცას უბრალოდ მისი გაკეთება არ სურს".

ზოგიერთი მაღაზია შიშობდა, რომ ნაკლები მომხმარებელი ეყოლებოდათ, თუ ხალხს გარეთ გასასვლელად ნიღბის ტარება მოუწევდა. ზოგი აცხადებდა, რომ ნიღბის ტარების ბრძანებები სამოქალაქო თავისუფლების უფლებას არღვევდა. თუმცა, კრიტიკის მხრივ - ამბობს ბრისტოუ, - უფრო მნიშვნელოვანი ის იდეაა, რომ ხალხს უსაფრთხოების მცდარი განცდა ეუფლებოდა. ბრისტოუ აღნიშნავს, რომ ნიღბის ტარება ნაკლებად ეფექტურია, თუ ხალხი სხვა რეკომენდაციებსაც არ ითვალისწინებს (განსაკუთრებით, თუ ზოგი ნიღაბს ხვრეტს).

ქალაქებში, რომლებშიც 1918 წლის შემოდგომაზე ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა, უჭირდათ, ნიღბის ტარება ეიძულებინათ რეგულაციის მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც საზოგადოების მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ. დარღვევისთვის სასჯელი ჯარიმას, პატიმრობას და გაზეთებში "დამრღვევის" სახელის დაბეჭდვას ითვალისწინებდა. ერთ საშინელ ინციდენტში, სან-ფრანცისკოში ჯანდაცვის დეპარტამენტის სპეციალურმა ოფიცერმა უნიღბო კაცს და ორ მოწმეს ესროლა.

ეს შემთხვევა ძალიან განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ეპყრობოდნენ სან-ფრანცისკოს ლიდერებს, როცა ისინი არ ითვალისწინებდნენ რეგულაციას. კრივის მატჩის დროს, პოლიციის ფოტოგრაფმა დააფიქსირა რამდენიმე ზემდგომი პირი, კონგრესმენი, მოსამართლე,  ფლოტის ადმირალი, ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიცერი და მერი - ყველა უნიღბოდ. ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიცერმა და მერმა ჯარიმები გადაიხადეს, ოფიცერმა - 5 დოლარი, მერმა - 50. თუმცა, "უნიღბო ზარმაცებისგან" განსხვავებით, არც ერთი დაუპატიმრებიათ (არც ვინმეს უსვრია მათთვის ვინმეს).

ომის შემდეგ ნიღბებს სულ უფრო იშვიათად ატარებდნენ

სან-ფრანცისკოში ნიღბების ტარების რეგულაციები ოქტომბერში დაიწყო და ნოემბერში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას შეწყდა. იანვარში, როდესაც სან-ფრანცისკოში გრიპის შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, ქალაქში რეგულაციები თავიდან შემოიღეს. ამჯერად, წინააღმდეგობა გაცილებით უფრო ძლიერი იყო. განხეთქილების ჩამომგდებთა ჯგუფებმა, რომელშიც რამდენიმე ექიმი და ზედამხედველთა კომიტეტის ერთი წევრიც იყო, "ნიღბების საწინააღმდეგო ლიგა" ჩამოაყალიბა. ლიგამ 2000-კაციანი საჯარო შეხვედრა ჩაატარა.

ნავარო ვარაუდობს, რომ სან-ფრანცისკოში ნიღბების ტარების წინააღმდეგ მოძრაობის მეორე ტალღა იმიტომ გაძლიერდა, რომ ქვეყანა ომში აღარ იყო ჩაბმული და ხალხი ვეღარ გრძნობდა იმავე პატრიოტულ მოვალეობას, ეტარებინათ ნიღბები. ნებისმიერ შემთხვევაში, სან-ფრანცისკო გამონაკლისი იყო. მსგავსი ლიგები სხვა ქალაქებში არ ყოფილა და არც საპროტესტო აქციები ჩაუტარებიათ.

ისტორიის გამოჩენილი პროფესორის, სტონი ბრუკის უნივერსიტეტში, ნენსი ტომსი, 1918-1919 წლებში გატარებულ ჯანდაცვის ზომებზე სტატიის ავტორი, ამბობს, რომ, მართალია, 1918-1919 წლებში ზოგი ნიღბების ტარებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეს არ იყო ფართოდ გავრცელებული პროცესი.

ტომსი ყვება, რომ ცხვირსახოცებისა და ქაღალდის ხელსახოცების გამოყენება ამერიკაში პანდემიის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყეს, თუმცა მსგავსი ტენდენცია ნიღბებზე არ გავრცელებულა. რთულია იმის თქმა, 1918-1919 წლებში რამდენად ეფექტური იყო ნიღბების ტარება. თუმცა, ნათელია, რომ პანდემიას უკეთესად გაუმკლავდნენ მოსახლეობის ის ჯგუფები, რომლებშიც უფრო მკაცრი ჯანდაცვის ზომები გაატარეს.

'დღეს ჩვენ შეგვიძლია წარსულს გადავხედოთ და დავინახოთ, რომ მრუდის დადაბლება მოხერხდა. მოსახლეობის ჯგუფებში, რომლებმაც უფრო დიდი ხნით, უფრო მკაცრი რეგულაციები გაატარეს და უფრო ადრე დაიწყეს მათი შემოღება, სიკვდილიანობა უფრო დაბალი იყო, მაგრამ იმ დროს მათ არ ჰქონდათ დამუშავებული ეს მონაცემები და ვფიქრობ, მათთვის არ იყო ნათელი, რომ რაც გააკეთეს, ნამდვილად შედეგიანი იყო". - ამბობს ნენსი ბრისტოუ.

წყარო: History.com

ავტორი: ბეკი ლითლი

კომენტარები