არჩევნები 2020

უსუფაშვილი: თბილისში 8 ოლქში გვეყოლება კანდიდატი, შესაძლოა, იყოს გამონაკლისი

ლელო

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს.

ტვ პალიტრის ეთერში უსუფაშვილმა ასევე თქვა, რომ პარტიას კანდიდატები ეყოლება სხვა ოლქებშიც, სადაც ოპოზიციამ საერთო კანდიდატები წარადგინა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

თუმცა, უსუფაშვილი, არც გარკვეულ გამონაკლისებს გამორიცხავს.

"8 ოლქში გვეყოლება კანდიდატი, შესაძლოა, იყოს გამონაკლისი. ეს ვერ ჯდება იმ ფორმულაში, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. ჩვენ პატივს ვცემთ ამ შეთანხმებას, გვესმის მათი პოზიცია, მაგრამ ლელოს ამ თვალსაზრისით აქვს ძალიან ჯანმრთელი, ჯანსაღი პოზიციონირება [...].

მთავარი არგუმენტი ესაა, ადრე თუ ნახევარი მაჟორიტარული მანდატები თამაშდებოდა და ნახევარი პროპორციული, ახლა 4/5, 80% ანუ, მანდატების 4-ჯერ მეტი, პროპორციული წესით თამაშდება. მაჟორიტარული არჩევნების მნიშვნელობა ძალიან სერიოზულია, ვინ მოიპოვებს იმ 30 მანდატს და როგორ გადანაწილდება, მაგრამ 4-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია დანარჩენი 120 მანდატი პარტიებს შორის, როგორ გადანაწილდება. ამიტომ, 30 ოლქში გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, მაგრამ არ გვინდა რაიმე ისეთი ნაბიჯი გადავდგათ 30 მანდატის გადანაწილების თუ შეთანხმების ფორმულაში, რომელიც დაგვაზიანებს იმ დანარჩენი 120 მანდატის განაწილების პროცესში". – თქვა მან.

უსუფაშვილი გიგი უგულავას მოწოდებასაც გამოეხმაურა - ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა, რეგიონებში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ, ვინაიდან ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გადაწყვიტა, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი.

ლელოს წევრი ამბობს, რომ ევროპული საქართველოს მცდელობას აფასებს.

"ჩვენ ვაფასებთ ჩვენი კოლეგა ოპოზიციური ლიდერების მცდელობას. თქვენ „ევროპული საქართველო“ ახსენეთ და მათი მცდელობა განსაკუთრებით დასაფასებელია, მათ ძალიან ბევრი შრომა და ოფლი ღვარეს იმისთვის, რომ შეთანხმება მიღწეულიყო. თბილისში ლელოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ ოპოზიციის ფართო სპექტრმა შეთანხმებას მიაღწია, მათ ჰქონდათ მცდელობა გარეთაც ამის გაკეთების, მაგრამ ახლა უკვე არჩევნები კარს მოგვადგა“. – თქვა მან.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი ეყოლება.

კომენტარები