ფრონტერას საქმე

ფრონტერა: საქართველოს მთავრობამ გაგვაფრთხილა, რომ კვლავ შეეცდება კონტრაქტის გაწყვეტას

ამერიკული ენერგომომპოვებელი კომპანია, ფრონტერა კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს. ამჯერად, საუბარია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც, მათი თქმით, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს საქართველოს მთავრობამ დიდსულოვნად გადაწყვიტა შეეწყვიტა საკუთრების ჩამორთმევის უკანონო მცდელობა:

"გასულ კვირას, 23 ივლისს, საქართველოს მთავრობამ უეცრად მედიას გამოუცხადა, რომ გადაწყვიტა 27 ივლისს ჩვენთან კონტრაქტი არ გაეუქმებინა, როგორც იმუქრებოდა აპრილის შემდეგ. მიმდინარე კვირას, იგივე გზავნილი გაავრცელა აშშ-ში საქართველოს საელჩომ, რათა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დიდსულოვნად გადაწყვიტეს შეეწყვიტათ საკუთრების ჩამორთმევის უკანონო მცდელობა აშშ-საქართველოს შორის პოზიტიური ურთიერთობების სახელით". – ნათქვამია კომპანიის წერილში.

ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკელ ოფიციალურ პირებს და მედიას სრულ სურათს უმალავს:

"24 ივლისს, პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ უკანონო გაფრთხილება გამოგვიგზავნა იმის საჩვენებლად, რომ კვლავ აპირებდა გაეგრძელებინა ჩვენი კონტრაქტის გაუქმების მცდელობა და მხოლოდ დროებით შეაჩერებდა ამაზე მუშაობას". – ვკითხულობთ წერილში.

ფრონტერა საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტონ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია მათ წინააღმდეგ და სანაცვლოდ, კეთილსინდისიერად ჩაერთონ დიალოგში საზოგადოებასთან, ამერიკელ ოფიციალურ პირებთან და პირდაპირ ითანამშრომლონ კომპანიასთან. ისინი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ კონტრაქტის გაწყვეტის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა და საქართველოს მთავრობა კვლავ უარს ამბობს მათთან შეხვედრაზე. ფრონტერაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დაემორჩილოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პატივის სცეს კონტრაქტის პირობებს, ითანამშრომლოს კომპანიასთან და საშუალება მისცეს მათ დაშინების, ზეწოლის და ახალი პირობების გარეშე დაუბრუნდეს სამუშაოს.

"საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება საქართველოში ყველაზე მსხვილ ამერიკელ კერძო ინვესტორს. ეს არ არის არც გამამხნევებელი რეკლამა კერძო სექტორის პოტენციური ამერიკელი ინვესტორებისთვის, რომლებიც ამ ზეწოლის ამ საჯარო სპექტაკლს უყურებენ. სპექტაკლს აგვირგვინებს ცილისმწამებლური მედია კამპანია, რომელიც ისახავს მიზნად ჩვენი კომპანიისათვის ჩირქის მოცხებას ჩვენი სამუშაოს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით". – ნათქვამია წერილში.

ფრონტერამ წერილი 23 ივლისსაც გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა.

თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა ფრონტერასთან კონტრაქტს არ წყვეტს და კომპანიას უფლებას აძლევს, საქმიანობა აქამდე არსებული ტერიტორიის 1%-ზე გააგრძელოს. მან თქვა, რომ ფრონტერამ ლობისტების მეშვეობით შეცდომაში შეიყვანა "საკმაოდ ვრცელი და დივერსიფიცირებული საზოგადოება" და გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გამო მიიღეს. თურნავას თქმით, ქართული მხარის სიმართლე საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა და ფრონტერას 6 მილიონი დოლარის ანაზღაურება დააკისრა, რაც, როგორც მინისტრი ამბობს, იმაზე მიუთითებს, რომ ფრონტერამ ეს დავა წააგო.

კომპანიამ წერილში საქართველოს მთავრობა დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მოუწოდა, შეეწყვიტათ მათი კონტრაქტის თაობაზე ცილისმწამებლური და განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

კომენტარები