ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი: ჩვენი ბირთვული იარაღის წყალობით დედამიწაზე ომი აღარ იქნება

AFP

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მის ქვეყანას ომებში მონაწილეობა აღარ დასჭირდება, რადგან მათ უსაფრთხოებას ბირთვული არსენალი უზრუნველყოფს:

"ჩვენი სანდო და ეფექტური თავდაცვითი ბირთვული იარაღის წყალობით დედამიწაზე ომი აღარ იქნება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი სამუდამოდ დაცული იქნება". – თქვა მან კორეის ომის ზავიდან 67-ე წლისთავზე ვეტერანებთან შეხვედრისას.

კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ბირთვული იარაღი მათ იმპერიალისტური და მტრულად განწყობილი ძალების მხრიდან მომავალი ზეწოლის და მუქარისაგან დაიცავს.

ჩრდილოეთ კორეა წლებია მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამაზე, რის გამოც მათ მკაცრი საერთაშორისო სანქციები დაუწესდათ. აშშ-სთან მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ, თუმცა მომდევნო ნებიჯების განხილვის პროცესში ეს შეთანხმება ჩაიშალა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. აკრძალვების და სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს ბალისტიკური რაკეტების გამოცდების ჩატარებასაც.

მოლაპარაკებების გაგრძელების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა მათთვის დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვდა. კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ბირთვული განიარაღება კვლავ შესაძლებელია, თუმცა "არა ამ მოცემულ მომენტში" და ამისათვის საჭიროა "მეორე მხარემ დიდი ცვლილებები განახორციელოს".

კომენტარები