არჩევნები 2020

კაპანაძე პომპეოზე: გზავნილია, რომ აშშ გაყალბებული არჩევნების ჩატარებას არ მოითმენს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, გაფრთხილება საარჩევნო სისტემისა და სასამართლოს პოლიტიზებაზე გზავნილია ხელისუფლებისადმი, რომ აშშ ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების ჩატარებას არ მოითმენს.

"ეს არის ძალიან კარგი გზავნილი მთელი ქართული საზოგადოებისთვის, საქართველოს ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ აშშ არ მოითმენს იმას, რომ საქართველოში ჩატარდეს ან გაყალბებული არჩევნები, იყოს ძალადობა ან სხვა ისეთი პრობლემები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნების დროს". – ამბობს კაპანაძე. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით 27 ივლისს ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის. ასევე, პომპეომ გახარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

კომენტარები