არჩევნები 2020

სამადაშვილი: პომპეომ ფაქტობრივად გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა გახარიასთან

ფორმულა

"ფაქტობრივად გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა [მაიკ პომპეომ] პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიასთან, რაც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას". – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილის შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართული ოცნება იმ შედეგებზე გააფრთხილა, რაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას შეიძლება მოჰყვეს.

"სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დაიწყო იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მისგან ამერიკის კონგრესმა მოითხოვა, როდესაც საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე ფინანსური სანქცია დააწესა. დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა ქართული ოცნება იმ შედეგებზე გაეფრთხილებინა, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვება. ამას აკეთებს ქართული ოცნება უკვე მრავალი წელია, ესაა მათი ხელწერა". – ამბობს სამადაშვილი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით 27 ივლისს ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის. ასევე, პომპეომ გახარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

კომენტარები