აშშ-საქართველო

კუჭავა: მაიკ პომპეომ ძალიან პოზიტიური გზავნილები და მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა

პარლამენტის ვიცესპიკერის, ქართული ოცნების დეპუტატის, კახა კუჭავას შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბრისას "ძალიან პოზიტიური გზავნილები" და "მხარდამჭერი განცხადებები" გააკეთა.

"ეს ჩვენ როგორც საუბრის მსვლელობისას, ისე შემდეგ მოვისმინეთ, უშუალოდ მისი პირადი ტვიტერიდანაც კი. უპირობო მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც სტრატეგიული პარტნიორის რანგში და ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ვიცით, რომ არ ვართ მარტო და აშშ ყოველთვის გვიდგას გვერდით". – თქვა კუჭავამ TV იმედთან საუბრისას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით 27 ივლისს ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის. ასევე, პომპეომ გახარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

კომენტარები