ტურიზმი

Air baltic-ი თბილისი-რიგას რეისზე 5-20 აგვისტოს კვირაში ერთ ფრენას შეასრულებს

საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია AirBaltic-ს შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულდა. თავდაპირველად, რეისი მხოლოდ კვირაში ერთხელ შესრულდება. 

"ამით როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიტველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით.

5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდ-თან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება“. – ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 20 აგვისტომდე, რიგა - თბილისის რეისი ყოველ ოთხშაბათს შესრულდება (5, 12, 19 აგვისტო), თბილისი - რიგა კი, ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო).

20 აგვისტოს შემდეგ კი, რიგა - თბილისის ფრენა კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას იგეგმება. რაც შეეხება თბილისი - რიგას მიმართულებას, Air Baltic-ი 20 აგვისტოს შემდეგ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს იფრენს.

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, მოლაპარაკებები ავიაკომპანია Air Baltic-თან, სიხშირესთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობდა.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები