არჩევნები 2020

ბერაია პომპეოს განცხადებაზე: ყოველი შემდგომი არჩევნები იმართება წინაზე მაღალი სტანდარტით

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია მაიკ პომპეოს განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოველი შემდგომი არჩევნები წინაზე უფრო მაღალი, დემოკრატიული სტანდარტით ტარდებოდა. ხოლო ის, თუ როგორ ინტერპრეტირებს ოპოზიცია პომპეოს განცხადებას, მისთვის არასერიოზულია.

"არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყოველი მომდევნო არჩევნები იმართებოდა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით და რასაკვირველია, 2020 წლის არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მათთვის სასურველ ინტერპრეტაციას, ამას სერიოზულად არ აღვიქვამ". – თქვა ბერაიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით 27 ივლისს ისაუბრეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები.

სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის. ასევე, პომპეომ გახარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

მმართველი გუნდის წევრები მაიკ პომპეოს განცხადებას პოზიტიურ გზავნილს უწოდებენ, ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით კი, ეს არის მინიშნება, რომ აშშ არ მოითმენს, საქართველოში ჩატარდეს გაყალბებული არჩევნები, იყოს ძალადობა ან სხვა ისეთი პრობლემები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ წინა არჩევნების დროს".

კომენტარები