რუსეთი

Levada-ს ცენტრის გამოკითხვა: რუსების 45% ხაბაროვსკის აქციებს პოზიტიურად უყურებს

Dmitry Morgulis

Levada-ს ცენტრის გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% - ნეგატიურად, ხოლო 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია. 11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. 

აღსანიშნავია, რომ ამ კითხვას უპასუხეს იმ რესპოდენტებმა, რომლებმაც ხაბაროვსკის აქციების შესახებ იცის (გამოკითხულთა 26% მოვლენებს ახლოდან აკვირდება, 57%-ს აქციების შესახებ სმენია). 

გამოკითხულ პირთათვის დასმულ კითხვაზე, თავიანთ რეგიონში მიიღებდნენ თუ არა ისინი მსგავს აქციებში მონაწილეობას, 29%-მა უპასუხა, რომ მონაწილეობას მიიღებდა, 65% კი - არა. 

Levada-ს ცენტრმა აღნიშნული გამოკითხვა 24-25 ივლისს ჩაატარა და მასში რუსეთის 1 617-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. 

ივნისში Levada-ს მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი გამოკითხვის თანახმად, ცხოვრების დონის დაცემის გამო, გამოკითხულთა 28% მზად არის პროტესტში მონაწილეობა მიიღოს. თებერვლის გამოკითხვის შემდეგ ეს ამ მაჩვენებლის 4%-იანი ზრდაა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის ნოემბრის (30%) შემდეგ - მაშინ პუტინმა საპენსიო ასაკის გაზრდა დაამტკიცა.

უკვე სამი კვირაა, რაც რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

მომიტინგეთა ნაწილი ამბობს, რომ პუტინის მთავრობისადმი ნდობა დაკარგეს და მის გადადგომას მოითხოვენ.

გასული კვირის დასაწყისში პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი დაასახელა, თუმცა მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან რეგიონთან კავშირი არ აქვს და მის გადადგომას მოითხოვენ.

დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.

გასულ დღეებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიასთან თქვა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

კომენტარები