კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 10 ახალი შემთხვევიდან 5 სოფელი გაჩიანიდანაა, 4 შემოტანილია, 1-ის წყაროს იკვლევენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი შემთხვევის წყარო სოფელი გაჩიანია, ერთის კონტაქტების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს, ოთხი კი შემოტანილი შემთხვევაა, მათგან ორი - სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 42 ინფიცირებული მკურნალობს. მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"ჩვენს კლინიკაში 42 ინფიცირებული მკურნალობს, დაგვემატა სამი ახალი პაციენტი. სამივე შემოტანილი შემთხვევაა, ორი სატვირთოს მძღოლია, მათგან მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადად, ჩვენთან საშუალო სიმძიმის და მათზე მსუბუქი პაციენტები მკურნალობენ". – ამბობს ეზუგბაია. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 155 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 929 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა. 

კომენტარები