თალიბანი

თალიბანმა რელიგიური დღესასწაულის გამო 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა

AFP

დაჯგუფება თალიბანმა გამოაცხადა, რომ ისლამური დღესასწაულის, იდ ალ ადჰას (ყურბან-ბაირამი) გამო ავღანეთში 3 დღით ცეცხლს შეწყვეტენ.

იდ ალ ადჰა 31 ივლისს იწყება და დაჯგუფების წარმომადგენლების თქმით, 3 დღის განმავლობაში ისინი თავდასხმებს შეწყვეტენ.

"იმისათვის, რომ ჩვენმა ხალხმა დღესასწაული თავდაჯერებულად და ბედნიერად იზეიმოს, ყველა მებრძოლს მივეცით განკარგულება, რომ ოპერაციები არ ჩაატარონ". – თქვა დაჯგუფების სპიკერმა ზაიბულა მუჯაჰიდმა.

თუმცა, მისი თქმით, თუ თალიბანის მებრძოლებს სამთავრობო ძალები თავს დაესხმებიან, ისინი პასუხს გასცემენ.

ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის სპიკერმა თქვა, რომ მთავრობა თალიბანის ინიციატივას მიესალმება და აღნიშნა, რომ ავღანეთს უფრო ხანგრძლივი მშვიდობა და სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება სჭირდება.

მსგავსი 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თალიბანმა რამადანის თვის ბოლოს, იდ ალ ფიტრის დღესასწაულზეც გამოაცხადა და არ დაურღვევია. პასუხად, მთავრობამ თალიბანის 100 პატიმარი გაათავისუფლა.

მიუხედავად ამისა, პატიმართან გათავისუფლების პროცესზე შექმნილი უთანხმოების და თალიბანის მხრიდან გაგრძელებული თავდასხმების გამო მთავრობასა და დაჯგუფებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი დაჯგუფებამ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც მათ თავდასხმები უნდა შეემცირებინათ და ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყოთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში თავდასხმები არ წყდება.

მხოლოდ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, პრეზიდენტ ღანის ინფორმაციით, ავღანეთის უშიშროების ძალების 3 560 წევრი მოკლეს. მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი, გაეროს ინფორმაციით, კონფლიქტს 1 280 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

კომენტარები