თურქეთი

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სოციალურ მედიაზე კონტროლი გამკაცრდება

AFP

თურქეთის პარლამენტმა მიიღო საკამათო კანონი, რომელიც მთავრობას სოციალურ მედიაზე მეტ კონტროლს აძლევს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

ახალი კანონით, სოციალური მედიის კომპანიები, მათ შორის Facebook-ი და Twitter-ი ვალდებულები იქნებიან თურქეთში ადგილობრივი წარმომადგენლები ჰყავდეთ და სხვადასხვა შინაარსის მასალა თურქეთის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე წაშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმები ემუქრებათ.

გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლებას სურს, რომ ამ კომპანიებმა მათი მოქალაქეების ინფორმაცია თურქეთში განთავსებულ სერვერებზე შეინახონ.

კანონპროექტი პარლამენტში მმართველმა პარტიამ და მათმა პარტნიორმა ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ შეიტანეს. კანონის განხილვა ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

კანონის მოწინააღმდეგეებს, ოპოზიციას და ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებს მიაჩნიათ, რომ ის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. შეშფოთება გამოხატა Human Rights Watch-მა. მათი თქმით კანონი მთავრობას საშუალებას მისცემს, წაშალოს განსხვავებული აზრის შემცველი ინფორმაცია და მიზანში ამოიღოს მათდამი კრიტიკულად განწყობილი პირები.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმდინარე თვეს პირობა დადო, რომ მთავრობა სოციალურ მედიაზე კონტროლს გაამკაცრებდა. მიზეზად მან ქვეყნის ფინანსთა მინისტრის და მისი მეუღლის, ერდოღანის ქალიშვილის წინააღმდეგ გავრცელებული შეურაცხმყოფელი ინფორმაცია დაასახელა.

Twitter-ის მიერ შედგენილი "გამჭვირვალობის ანგარიშის" მიხედვით, 2019 წელს თურქეთი პირველ ადგილზე იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მათი პლატფორმიდან გარკვეული ინფორმაციის აღებას ითხოვდნენ. მათ ერთი წლის განმავლობაში კომპანიას მსგავსი 60 000 მოთხოვნა გაუგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ 3 წლის განმავლობაში თურქეთში აკრძალული იყო ონლაინ ენციკლოპედია Wikipedia, თუმცა სასამართლომ აკრძალვა მიმდინარე წლის იანვარში მოხსნა.

კომენტარები