გიორგი რურუას საქმე

სასამართლოში გიორგი რურუას ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარადგენენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარადგენს.

ადვოკატების პოზიციაა, რომ გიორგი რურუას არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაც მას ბრალად აქვს წარდგენილი და ამას პოლიტიკური საფუძველი აქვს.

შალვა შავგულიძე, რომელიც სასამართლოში რურუას ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ მისი გამტყუნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ადვოკატებს, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არც სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვთ.

"თუმცა, არ გვაქვს ამ სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან სასამართლოც სრულად კონტროლირდება პოლიტიკური ხელისუფლების - ქართული ოცნების მხრიდან და ალბათ, თუ არ იქნება ამ ხელისუფლების ნება, რაღაც საჭიროებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მისცენ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების უფლება, მანამდე გამამართლებელი განაჩენი არ დადგება ან ასეთი განაჩენი დადგება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური გავლენისგან". – თქვა შალვა შავგულიძემ პროცესის დაწყებამდე.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. მიუხედავად ამისა, 29 ივნისს, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრის დღეს სასამართლომ მისი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატის შუამდგომლობა და პროკურატურის საწინააღმდეგო პოზიცია გაითვალისწინა.

ამის გამო ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს - ისინი მმართველი გუნდის მხრიდან საარჩევნო შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვდნენ.

დასავლელმა პარტნიორებმა, არაერთხელ, მიმართეს პროკურატურას მოწოდებით, მოეთხოვა პატიმრობის გირაოთი შეცვლა, მაგრამ უშედეგოდ.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები