იაგო კაჭკაჭიშვილი

თსუ-ს კომისია განმარტავს, რის საფუძველზე დაუდგინა კაჭკაჭიშვილს კეთილსინდისიერების დარღვევა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისია, რომელმაც პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს პლაგიატი დაუდგინა, განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.

განცხადებაში წერია, რომ "აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა" არ არის სადამსჯელო ღონისძიება, ამასთან, კომისიას აზრად არ მოსვლია იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის დაკნინება.

ეთიკის კომისია, რომლის წევრებიც: ზვიად აბაშიძე, სალომე დუნდუა, ქეთევან ხუციშვილი,ეკატერინე ფირცხალავა და ლალი ხეჭუაშვილი არიან, წერს:

"უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაში მონაწილეები თავისი ნებით არ ერთიანდებიან, მათ არსებული სიიდან ირჩევს უნივერსიტეტი (კორპორაციული ეთიკის მიხედვით, თუ თქვენ ხართ უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, არ გაქვთ უფლება, უარი თქვათ წევრობაზე).

კომისიას მოეთხოვებოდა შემოსული განცხადების საფუძველზე, პასუხი გაეცა, მხოლოდ,ორ კითხვაზე:

  • იყო თუ არა ე. წ. თვითპლაგიატის ფაქტი?
  • იყო თუ არა დისერტაცია/სახელმძღვანელო კომპილაცია?

საკითხი 1

ე. წ. „თვითპლაგიატი“. შემოსულ განცხადებაში ერთი მხარე ადანაშაულებდა მეორეს, რომ დისერტაცია და გამოცემული სახელმძღვანელო ერთმანეთის იდენტურია ისე, რომ არ არის მათში მინიშნება ამ საკითხზე და, რომ ეს არის აკადემიური გადაცდომა. ბ-ნ იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებაში პირდაპირ არის მინიშნებული, რომ ეს მართლაც ასეა, რომ წიგნი დისერტაციის მოდიფიკაციას წარმოადგენს და დისერტაცია და სახელმძღვანელო, ფაქტობრივად, ერთმანეთის იდენტურია, მცირეოდენი განსხვავებით.

აქედან გამომდინარე, კომისიამ უბრალოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო განსაკუთრებული განხილვის გარეშე. ამავე დროს, აღნიშნა კიდეც, რომ წიგნში ამ ყველაფრის მითითება მეტი აკადემიური კეთილსინდისიერება იქნებოდა. სწორედ, ამას ნიშნავს დასკვნის ბოლო ნაწილში „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა“, რომელიც შესაძლო ბევრისთვის „სადამსჯელოდ“ მოჩანდეს, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.

ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ ამ ტიპის ე. წ. თვითპლაგიატის თაობაზე არ არსებობს არავითარი რეგულაცია და წესი. შესაბამისად, შეუძლებელია მისი ბოროტი განზრახვით გამოყენება.

ბ-ნი იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის დაკნინება აზრად არავის მოგვსვლია! დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი არ ემსახურება სოციოლოგიური აზრის განვითარებას. ამას ვერსად ვნახავთ!

ნაშრომების შინაარსობრივ ნაწილის განხილვაში არც შევსულვართ, ჩვენ არ ვართ სოციოლოგები და არ იყო ეს ჩვენი მიზანი. ამას, წესით, დარგობრივი კომისია აკეთებს საჭიროების შემთხვევაში.

საკითხი 2

იყო თუ არა ნაშრომი კომპილაცია? დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი კომპილაციაა, დასკვნაში წერია, ის შეიცავს კომპილაციის ნიშნებს (და ხაზი გასმულია სახელმძღვანელოდ გადაკეთებაზე), როგორც დედამიწაზე არსებული ყველა თეორიული დისერტაცია და მითუმეტეს სახელმძღვანელო. ამაში უცხო და საჩოთირო არაფერია.

კომისიამ პასუხი გასცა ამ ორ კითხვას. კომისია არ არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. მან შექმნა შუალედური დოკუმენტი, (რომლიც, რატომღაც, გაუგებარი გზებით, ჩუმად მოხვდა მედიაში მანამ, ვიდრე ის აკადემიური საბჭოს განხილვაზე გავიდოდა).

ყველაზე მთავარი, რომელსაც, სამწუხაროდ, არავინ აქცევს სათანადო ყურადღებას არის ის, რომ კომისია დასკვნის საბოლოო ნაწილში მიმართავს აკადემიურ საბჭოს, რომ 20 წლის წინანდელი ნაშრომის შესახებ მსჯელობების პრეცენდენტს ნუ დაუშვებს. აი, სწორედ ეს გახლავთ ეთიკის კომისიის დასკვნის მთავარი პათოსი!

სამწუხაროდ, დასკვნის ეს უმნიშვნელოვანესი მხარე საჯარო განხილვებიდან უსამართლოდ სადღაც გაქრა!

და ბოლოს, ვიტყვით იმას, რომ ეს დასკვნა არ დაწერილა იმ მიზნით, რომ ვინმეს საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული და, მით უფრო, ამის საფუძველზე თსუ-ს კონტრაქტი შეეწყვიტა ვინმესთვის. ამის დასტური კი სწორედ დასკვნის ეს ბოლო ნაწილია.

აქედან გამომდინარე, ვთხოვთ, დაინტერესებულ საზოგადოებას, გაიაზროს, თუ რა დოკუმენტია სინამდვილეში შექმნილი და რომ ამ თითქოსდა მოკლე დოკუმენტის შექმნას, კომისიამ 4 თვე მოანდომა, რომელიც ერთ თვეში იყო შესაძლებელი დამთავრებულიყო. ამის მიზეზი კი სწორედ ის გახლდათ, რომ იგი არ ყოფილიყო ავი ზრახვებისთვის გამოყენებული და მისით არავის ესარგებლა!

ვინც ჩვენ პიროვნულად გვიცნობს, მან კარგად იცის, რომ ჩვენგან ვერც ჯალათი და ვერც უსამართლობის ქომაგი ვერ და არ გამოვა ვერასდროს. საკუთარი განვლილი ცხოვრების ისტორია ამის თქმის სრულ მორალურ უფლებას გვაძლევს.

ზოგადად, საუნივერსიტეტო საქმე უნივერსიტეტის კედლებში უნდა წყდებოდეს. სოციალური მედია არ გახლავთ ამისათვის მართებული არეალი. სწორედ ეს განაპირობებდა ჩვენს თავშეკავებას, რადგან არაეთიკურად მივიჩნიეთ საკითხის ამგვარი საჯარო განხილვა.

ყველას მადლობას ვუხდით, ვინც მოახერხა თავშეკავება ჩვენი ლანძღვა-გინებისგან სწორედ ჩვენი და უპირველესად, საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების გამო. მათაც მადლობა ვინც პატივს გვცემდა, მაგრამ გარკვეულმა ეიფორიამ აიყოლია და ზოგჯერ უკადრებელიც ათქმევინა. დარწმუნებულები ვართ, მათ ეს ცხელ გულზე გააკეთეს, რისი მიზეზიც საქმეში მათი ბოლომდე ჩაუხედაობა იყო, თუმცა სურვილის შემთხვევაში წინ არაფერი ეღობებოდათ!" – წერია განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა 27 ივლისს განაცხადა, რომ შემდეგ, რაც მან რექტორი გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შურისძიების სერია დაიწყო.

სოციოლოგის თქმით, სწორედ შარვაშიძის შურისძიების ნაწილია ის, რომ მისი ბრძანებით ეთიკის კომისია შეიქმნა, რომელსაც მისი 2001 წელს დაცული სადოქტორო დისერტაციის შესწავლა დაევალა. კომისია კი წლის დასაწყიში შესული საჩივრის საფუძველზე შეიქმნა. მომჩივანი დათო ნადირაძეა, რომელიც, როგორც კაჭკაჭიშვილი წერს, არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია, არც დოქტორის ხარისხის მქონეა და არც თსუ-ის თანამშრომელი.

2020 წლის იანვარში კაჭკაჭიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია. თავად უნივერსიტეტმა პლაგიატის ფაქტი უარყო.

კომენტარები