გიორგი რურუას საქმე

ხოშტარია რურუას განაჩენზე: ეს არის სასამართლო, რომელიც მონურად ემსახურება პოლიტიკურ გუნდს

ტაბულა

"ამას ვერ დავარქმევთ სასამართლოს. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი სასამართლოს განმავლობაში მტკიცდებოდა ერთი რამ, რომ გიორგი რურუა არის სისტემის მსხვერპლი, რომ გიორგი რურუას ცალსახად ჩაუდეს იარაღი". - ასე ეხმაურება ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი ვაკეში, ელენე ხოშტარია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მთავარი არხის თანამფლობელს, გიორგი რურუას, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ხოშტარიას განმარტებით, სასამართლო მონურად ემსახურება საქართველოს ხელისუფლებას და, მისივე თქმით, სწორედ ეს გახდება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიცვლება ქართული ოცნების ხელისუფლება. 

"ამას დამტკიცებაც არ უნდა, უბრალოდ, ერთი მიდევნება უნდა, რომ ეს იყო ძალით ჩადებული იარაღი. ეხლა რისთვის უნდოდათ, ცხადია, უნდოდათ პოლიტიკური დაშინებისთვის და როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნაზე და სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ეპყრობა კონკრეტულ მოქალაქეს, აი, ესეთი სასამართლო საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდა. სასამართლო, რომელიც ემსახურება მონურად პოლიტიკურ გუნდს. ამიტომ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომაც ქართული ოცნება უნდა წავიდეს და დაიხუროს, აი, ესეთი მონური სასამართლოს ფურცელი". - ამბობს ხოშტარია. 

ხოშტარია გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილებსაც, სადაც ისინი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ და თქვა, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ქართული ოცნება დიდ ფასს გადაიხდის. 

"საერთაშორისო თანამეგობრობა პირდაპირ გვეუბნება გიორგი რურუას სახელის დასახელებით, პირდაპირ სენატორები ლაპარაკობენ, გამოუშვით გიორგი რურუა, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია. პომპეომ უთხრა გახარიას, რომ უნდა მორჩეს სასამართლოს პოლიტიკური ნიშნით გამოყენება. ამაზე ხმამაღალი განაცხადი არ არსებობს უბრალოდ. ეს რას ნიშნავს, ქართული ოცნება ძალიან დიდ ფასს გადაიხდის ამ ყველაფერში, გიორგი რურუა აუცილებლად გამოვა, გიორგი რურუა აუცილებლად დაუმტკიცებს სისტემას, რომ ის არის ამ შემთხვევაში მსხვერპლი სისტემის, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ამოცანა გვაქვს, რომ მთლიანად ეს სისტემა მოვშალოთ. არ მივიღებთ ესეთ მონურ სასამართლოს ამ ქვეყანაში". - ამბობს ელენე ხოშტარია. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის თანამესაკუთრე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოიტანა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. მაგრამ, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები