გიორგი რურუას საქმე

უგულავა რურუას განაჩენზე: ეს სასამართლო არ არის, ეს არის მონსტრების კორპორაცია

ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი ეხმაურება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების  აღკვეთა მიესაჯა. უგულავას თქმით, ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, სასამართლო დღეს მხოლოდ ცარიელი კედლებია, შიგნით კი კორუმპირებული მოსამართლეები სხედან. 

"ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ, აი, ამ ჭილოფში გამოხვეული მოსამართლისგან მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როდესაც გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს. ეს სასამართლო არ არის, ეს არის მონსტრების კორპორაცია. საჯიჯგნად მთელი სასამართლო ივანიშვილმა ჩაუგდო ხელში თავის ყმას - მურუსიძეს. აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ. ქართულ ოცნებას ერთადერთი რამე ჰქონდა გასაკეთებელი, როცა მოვიდა ხელისუფლებაში, გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება". - ამბობს უგულავა. 

მისი განმარტებით, ოპოზიციისა და ხალხის საერთო გეგმა ქართული ოცნების დამარცხებაა. მისივე თქმით, სანამ ეს არ მოხდება ჩვეულებრივი ადამიანი ამ ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვის. 

"ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია. ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი. აქ არის საზოგადოების სრული თანხმობა. 

ჩვენი გეგმა არის არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხება. ჩვენი ქვეყანა სოლოლაკის სასახლიდან აყროლდა. სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მანამდე სამართალს ჩვეულებრივი ადამიანი ამ ქვეყანაში ვერ იპოვნის". - ამბობს უგულავა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის თანამესაკუთრე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოიტანა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. მაგრამ არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები