გიორგი რურუას საქმე

სამადაშვილი რურუას განაჩენზე: ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება აღარ არსებობს

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ განაჩენი, რომელიც გიორგი რურუას სასამართლომ გამოუტანა არის სახელმწიფოს, ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის შეურაცხყოფა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა და ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა მოშლილია. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება, როგორც ასეთი, აღარ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა აქ და ბიძინა ივანიშვილს, პირველ რიგში, ძალიან მძიმედ დაუჯდება ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე." - თქვა სამადაშვილმა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა რურუას გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა და მას 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ენმ-ის წევრი დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუა ციხეში არა 4 წელს, არამედ ბევრად ნაკლებ დროს გაატარებს, რადგან ოქტომბერში ქვეყანაში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება.

"გიორგი რურუას ბევრად ნაკლები დრო დარჩა ციხეში გასატარებლდა, ვიდრე აქამდე გაატარა, იმიტომ, რომ ნოემბრიდან ზის ციხეში, ოქტომბრის ბოლოს კი ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება პოლიტიკური ხელისუფლება. ჩვენ შევქმნით ისეთ პოლიტიკურ გარემოს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პატიმრები აღარ იქნებიან." - თქვა სამადაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოიტანა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო, მაგრამ, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები