რუსეთი

ხაბაროვსკის გუბერნატორი ირწმუნება, რომ აქციებზე პროვოკატორები საქართველოდან არიან

0 კომენტარი
დეგტიარევი და ჟირინოვსკი ფოტო: gazeta.ru

ხაბაროვსკის ტერიტორიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ დეგტიარიოვმა სერგეი ფურგალის მხარდამჭერ აქციებში საქართველოდან პროვოკატორების მონაწილეობაზე განაცხადა.

"მე მესმის ხალხის გულწრფელი რისხვა. მესმის, რომ პირველ აქციას, მსვლელობას არცერთი ორგანიზატორი არ ჰყოლია. ეს სიმართლეა. და ამ ყველაფერზე, სამართლიან აღშფოთებაზე, მასებზე, ცხადია, ნაპირას გამოფრინდა ყველა ცნობილი კრიმინალი ვინც ორგანიზებას უწევს, ახალისებს, ეწევა პროვოკაციას და სხვა რამეებს, მათ შორის უცხოელები... ვიცით, რომ ისინი აქ საქართველოდან არიან," - თქვა მან.

მან ხაბაროვსკის მცხოვრებლებს სთხოვა, რომ არ განაწყენდნენ ამ განცხადებების გამო.

უკვე მეოთხე კვირაა, რაც რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

მომიტინგეთა ნაწილი ამბობს, რომ პუტინის მთავრობისადმი ნდობა დაკარგეს და მის გადადგომას მოითხოვენ.

გასული კვირის დასაწყისში პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ დეგტიარიოვი დაასახელა, თუმცა მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან რეგიონთან კავშირი არა აქვს და მის გადადგომას მოითხოვენ.

დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.

გასულ დღეებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიას უთხრა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

Levada-ს ცენტრის გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% - ნეგატიურად, ხოლო 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია. 11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები