კოსმოსური მისია მარსზე

NASA-მ მარსზე როვერი სახელად შეუპოვრობა გაგზავნა [ვიდეო]

NASA

კოსმოსური ხომალდი, რომელსაც როვერი Perseverance(შეუპოვრობა) მიჰყავს მარსზე, წარმატებით გაუშვეს ფლორიდიდან.

გეგმის თანახმად, შვიდთვიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ, როვერი 2021 წლის 18 თებერვალს უნდა დაეშვას პლანეტის ზედაპირზე. მისიის დაშვების ადგილად ჯეზეროს კრატერია შერჩეული.

NASA- 2020-ის მარსის მისია გამორჩეულია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც როვერს ცალსახა მისია აქვს წითელ პლანეტაზე - ეძებოს წარსული სიცოცხლის ნაშთები. მარსზე როვერი ასტრობიოლოგის საქმეს შეასრულებს და შეეცდება, ჯეზეროს კრატერში უძველესი მიკრობული სიცოცხლის კვალი იპოვოს.

მეცნიერთა ვარაუდით, მილიარდობით წლის წინ მარსი უფრო სველი, თბილი და სიცოცხლისთვის შესაფერისი პლანეტა იყო. დაახლოებით 3.5-4 მილიარდი წლის წინ ჯეზეროს კრატერში ტბა და მდინარის დელტა იყო. სწორედ ამიტომ შეარჩიეს ეს კრატერი როვერის დაშვების ადგილად.

შეუპოვრობა მარსზე გაგზავნილი NASA- მეხუთე როვერია. მისიის მომზადებას თითქმის ათი წელი დასჭირდა.

მისიის ფარგლებში მარსზე ასევე გაიგზავნა შვეულმფრენი Ingenuity. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც პლანეტაზე შვეულმფრენი გაიგზავნა. შვეულმფრენმა მარსის ატმოსფეროში 5 სატესტო გაფრენა უნდა განახორციელოს.

როვერი აღჭურვილია 23 კამერით, ზოგიერთი მათგანი პლანეტაზე დაშვების დროსაც იქნება ჩართული. კამერებს მაღალი ხარისხის ფოტო- და ვიდეომასალის გადაღება შეუძლიათ. როვერს ასევე აქვს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომლის დახმრებითაც პირველად შევძლებთ მარსისმოსმენას”.

გარდა იმისა, რომ შეუპოვრობამ პლანეტაზე სიცოცხლის ნაშთები უნდა ეძებოს, მისიის ფარგლებში როვერი შეამოწმებს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც მომავალში შეიძლება მარსზე ადამიანის გაგზავნისას გამოიყენონ. როვერს თან მიაქვს ჟანგბადის გენერატორი. იგი ჩაატარებს ტესტს მასალებზე, რომლებისგანაც მზადდება სკაფანდრები და შეამოწმებს ხელსაწყოებს, რომლებსაც კლიმატის და გარემოს შესასწავლად იყენებენ.

პლანეტის ზედაპირზე მუშაობის პროცესში შეუპოვრობა შეაგროვებს ქვების ნიმუშებს, რომლებიც მეცნიერებისთვის საინტერესო იქნება, შეფუთავს მათ და დაუტოვებს მომავალ მისიებს წამოსაღებად. ქვის ეს ნიმუშები, მეტეორიტების გარდა, პირველი მარსული ნიმუშები იქნება, რომლებიც წითელი პლანეტიდან დედამიწაზე მოხვდება.

NASA- მისია უკანასკნელია იმ სამ მარსის მისიას შორის, რომლებიც 2020 წლის ზაფხულში წითელ პლანეტაზე გაგზავნეს. 19 ივლისს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ალ ამალის მისია გაგზავნეს მარსზე, ხოლო 23 ივლისს ჩინეთმა როვერი Tianwen 1 გაგზავნა წითელ პლანეტაზე.

სამივე მისიის ერთ პერიოდში გაშვება განპირობებულია ამ დროს მარსისა და დედამიწის სიახლოვით - მოვლენით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება. პლანეტების დაახლოება მარსამდე ჩასვლის დროს ამცირებს.

კომენტარები