პრემიერი: რაჭის 4 სოფელი მინიმუმ 1 თვით მოწყვეტილი იქნება, ხიდები სრულად აღსადგენია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, რაჭის ზოგიერთ სოფელთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება. გახარია რაჭაში იმყოფებოდა და თქვა, რომ, საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, შესაძლოა, 50 მლნ ლარამდე დასჭირდეს.

"მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის. რამდენიმე სახლი არის სერიოზულად დაზიანებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, ზიანი არის ძალზედ სერიოზული. მოგეხსენებათ, თორმეტი სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით, ოთხ სოფელთან დროებითი კავშირი არის აღდგენილი, თუმცა რვა სოფელი რჩება. ორშაბათამდე კიდევ ორ სოფელთან აღდგება კავშირი, თუმცა დარჩენილ სოფლებში, როგორიცაა ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას დასჭირდება, მინიმუმ, ერთი თვე" - თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებში, 7-10 დღეში ელექტრომომარაგება აღდგება.

"ყველა ამ სოფელზე, რომელიც მე ჩამოვთვალე, დაიწყება დღეიდან ვერტმფრენებით კავშირი, ყველა ადამიანს, რომელსაც ექნება გამოყვანის საჭიროება სოფლიდან, გამოვიყვანთ, რა თქმა უნდა. სოფლები ორგანიზებულად მომარაგდება ყველა სახის საჭირო პროდუქტით.

ეს ოთხი სოფელი იქნება ერთი თვე მოწყვეტილ მდგომარეობაში, რადგან, რეალურად, მაგისტრალურ გზაზე არის ძალიან სერიოზული ჩამონგრევები, სამი სექტორია, დაახლოებით 250-მეტრიანი, ოთხი ხიდია, რომელიც სრულადაა აღსადგენი თავიდან" - თქვა გიორგი გახარიამ.

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლათქიშორა 29 ივლისის ღამეს ადიდდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ გზები დააზიანა, ასევე, ჩანგრეულია ხიდები. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია აქამდე არ მიეწოდება. 

კომენტარები