Nord Stream 2

პომპეო: აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა Nord Stream 2-მა ევროპას საფრთხე არ შეუქმნას

მაიკ პომპეო
REUTERS

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ Nord Stream 2-ის გაზის მილსადენი ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, მაგრამ აშშ-ს ამის გასაკეთებლად მეტი ინსტრუმენტი სჭირდება.

Nord Stream 2-ით რუსეთს სურს, რომ ბალტიის ზღვის გავლით გერმანიისთვის მიწოდებული გაზის ოდენობა გააორმაგოს, მილსადენი უკრაინას არ გაივლის, რის შედეგადაც, დიდი ალბათობით, უკრაინის სატრანზიტო როლი მნიშვნელოვნად შემცირდება და ამის გამო მას მილიარდობით დოლარი დააკლდება. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ახალი მილსადენით ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე გაიზრდება. 

"ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინსტრუმენტები. ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ეს საშუალებები, თუ თქვენ მოგაწვდით მათ", - განუცხადა პომპეომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს.

პომპეოს თქმით, მისი აზრით, Nord Stream 2-ში ჩართულ კომპანიებს ესმით ამერიკული სანქციების საფრთხე. ცოტა ხნის წინ მან ასევე Nord Stream 2-ში და Turkstream-ის მილსადენებში ჩართული ევროპელი ინვესტორები გააფრთხილა, რომ, შესაძლოა, მათ აშშ-ს სანქციები დაემუქროს.

მან აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, გერმანია არ ეთანხმება აშშ-ს მიერ ამ საფრთხის შეფასებას და თქვა, რომ "ჩვენ თვითონ ვმოქმედებთ, რათა მივაღწიოთ ამას, იმისათვის, რომ ევროპის ხალხებს უსაფრთხოება შევუნარჩუნოთ".

21 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2021 წლის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც ორი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის და Turkstream-ის საწინააღმდეგო სანქციებსაც მოიცავს. 

ახალი სანქციების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში მაისში მოხდა. პროექტის ავტორები არიან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზი. 

ახალი პროექტი ყველა იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირის სანქცირებას გულისხმობს, რომლებიც მილსადენის გაყვანის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე იმ სადაზღვევო კომპანიებისა, რომლებიც მშენებლობაში მონაწილე გემებს დააზღვევენ. სანქციების პროექტი ითვალისწინებს იმ კომპანიების სანქცირებასაც, რომლებიც გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში შესაბამის სერტიფიკატს გასცემენ.

ახალი სანქციების ასამოქმედებლად პროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება და მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, მაგრამ ამას აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა ხელი. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვისი დახმარების გარეშეც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს. 

გაზსადენის პროექტი ითვალისწინებს ორი ხაზის მშენებლობას, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

კომენტარები