ბრაზილიის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტის მეუღლეს, მიშელ ბოლსონაროს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და ყველა მითითებას იცავს.

მანამდე ახალი კორონავირუსი პრეზიდენტს 7 ივლისს დაუდასტურდა. 25 ივლისს ჟაირ ბოლსონარომ თქვა, რომ კორონავირუსზე ტესტი მეოთხედ ჩაიტარა და წინა სამი ტესტისგან განსხვავებით, ამჯერად პასუხი უარყოფითია.

მან საკუთარი ფოტოც გაავრცელა, რომელშიც თან აქვს მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის (პლაქვენილი) კოლოფი. ის პრეპარატს კორონავირუსის სამკურნალოდ იღებდა და ამტკიცებს, რომ ეფექტიანი შედეგი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეცნიერულად ჯერჯერობით არ დასტურდება.

დღეს, 30 ივლისს, ახალი კორონავირუსი ბრაზილიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრს, მარკოს პონტესაც დაუდასტურდა. ის ბრაზილიაში მეხუთე მინისტრია, ვისაც ახალი ვირუსის დიაგნოზი დაუსვევს.

ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით აშშ-ს შემდეგ პირველია.

30 ივლისს ბრაზილიაში COVID-19-ის 69 074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 595 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი ვირუსი 2.5 მილიონზე მეტ პირს დაუდასტურდა, 90 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს. მიზეზი ისაა, რომ მან ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაიცვა უსაფრთხოების წესები და პირბადე მოიხსნა. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ბოლსონარომ, რომ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. პრესკონფერენციაზე იყვნენ CNN Brasil-ის, TV Record-ის და TV Brasil-ის ჟურნალისტები. ისინი კარანტინში გადაიყვანეს. პრესკონფერენციის დასაწყისში ბოლსონაროს პირბადე ეკეთა და ჟურნალისტები მასთან ორ მეტრზე ახლო მანძილზე იყვნენ. მოგვიანებით პრეზიდენტმა უკან დაიხია და პირბადე მოიხსნა, რადგან სურდა ეჩვენებინა, რომ კარგად იყო. მას ჟურნალისტების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ედავებიან.

მიმდინარე კვირას ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს, რომ ბოლსონარო უპირბადოდ ესაუბრებოდა პრეზიდენტის რეზიდენციის დამლაგებლებს.

ბოლსონაროსთან კონტაქტის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ მინისტრსაც, მიმდინარე კვირას კი ვირუსი დაუდასტურდათ მოქალაქეობის და განათლების მინისტრებს. ქვეყანას კი ორი თვეა ჯანდაცვის მინისტრი არ ჰყავს. ბოლსონაროსთან დაპირისპირების გამო ჯანდაცვის ორმა მინისტრმა პანდემიის დაწყების შემდეგ დატოვა თანამდებობა. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სამხედრო პირია და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილება არა აქვს.

კომენტარები