ავღანეთი

ავღანეთში ტერორისტმა მანქანაში თავი აიფეთქა, დაღუპულია 17 ადამიანი

EPA

ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ლოგარის გუბერნატორის სპიკერის ინფორმაციით, მანქანა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, დედარ ლავანგმა ააფეთქა. 

აფეთქება ისლამური დღესასწაულის იდ ალ ადჰას (ყურბან-ბაირამი) წინა ღამით გუბერნატორის ოფისის მახლობლად მოხდა.

თალიბანი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ე.წ ისლამურ სახელმწიფოს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.

იდ ალ ადჰა 31 ივლისს იწყება და დღესასწაულის გამო თალიბანის დაჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამი დღის განმავლობაში ისინი თავდასხმებს შეწყვეტენ. გადაწყვეტილებას მიესალმება ავღანეთის მთავრობა.

მსგავსი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თალიბანმა რამადანის თვის ბოლოს, იდ ალ ფიტრის დღესასწაულზეც გამოაცხადა და არ დაურღვევია. პასუხად, მთავრობამ თალიბანის 100 პატიმარი გაათავისუფლა.

პატიმართა გათავისუფლების პროცესზე შექმნილი უთანხმოების და თალიბანის მხრიდან გაგრძელებული თავდასხმების გამო მთავრობასა და დაჯგუფებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი დაჯგუფებამ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც მათ თავდასხმები უნდა შეემცირებინათ და ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყოთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში თავდასხმები არ წყდება.

მხოლოდ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, პრეზიდენტ ღანის ინფორმაციით, ავღანეთის უშიშროების ძალების 3 560 წევრი მოკლეს. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში კი, გაეროს ინფორმაციით, კონფლიქტს 1 280 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

კომენტარები