გიორგი რურუას პატიმრობა

ცქიტიშვილი რურუას განაჩენზე: რა თქმა უნდა, ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი მთავარი არხის თანამესაკუთრის, გიორგი რურუასთვის, 4-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება. ცქიტიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს. 

"ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს გამართულად. შესაბამისად, გვქონდა საშუალება, გამჭვირვალედ გვენახა მთელი ამ პროცესის მიმდინარეობის განმავლობაში მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი და, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბატონ რურუას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. 

ვერავითარ პოლიტიკურ სარჩულს, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას", - ამბობს მაია ცქიტიშვილი.  

გუშინ, 30 ივლისს, სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოიტანა. 

რურუასთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები. სენატორი რიში წერს, რომ რჩება "ძალზედ შეშფოთებული" და, მისივე სიტყვებით, რურუა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს. განაჩენს ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც. კუბილიუსი წერს, რომ პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა კი ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამოიყენოს უფლებამოსილება, როგორც სხვა შემთხვევებში. 

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. მაგრამ, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები