არჩევნები 2020

სამთავრობო მედია ინტერესდება, გაიარეს თუ არა ევროპელებმა რეგისტრაცია - ბოკერია პასუხობს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ტელეკომპანია იმედი დაინტერესდა, გავლილი აქვს თუ არა ევროპულ საქართველოს ცესკოში რეგისტრაცია. ამის შესახებ არხის ჟურნალისტმა პარტიის ლიდერს, გიგა ბოკერიას დაუსვა კითხვა.

გიგა ბოკერიას თქმით, ევროპულ საქართველოს პარლამენტში ოფიციალური წარმომადგენელი ჰყავს. შესაბამისად, ვალდებულება, რომ მათ 15 ივლისამდე ცესკოში რეგისტრაცია უნდა გაევლოთ – არ აქვთ. ეს რეგულაცია იმ ოპოზიციურ პარტიებს ეხებათ, რომელთაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად არჩეული წარმომადგენელი არ ჰყავთ.

"ჩვენ არ გვეკუთვნის 15 ივლისამდე რეგისტრაცია, ჩვენზე ეს რეგულაცია არ ვრცელდება, მეორე რეგულაცია ვრცელდება პარლამენტში მყოფ ყველა პარტიაზე, რადგან მაშინაც, 2016 წელს, პოლიტიკური ერთეული იყო ბლოკი და ევროპული საქართველო რისი სამართალმემკვიდრეცაა, მისი წარმომადგენელი პარლამენტში წევრად უკვე იყო მაშინ არჩეული ამ პოლიტიკური სუბიექტიდან და არა ნაციონალური მოძრაობიდან.

შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ისეთი შეცდომა დავუშვით, რომ რეგისტრაციის ვადა გავუშვით ხელიდან და ამის "აღმოჩენა" უნდოდათ. ინფორმირებულები არ არიან, ეს რომ ასე არ იყოს, როგორც მე მოგახსენეთ, ეს პრობლემა იარსებებდა და ამ პრობლემას აღმოაჩენდნენ მედიასაშუალებები". – ამბობს გიგა ბოკერია ტაბულასთან საუბარში.

ბოკერიას შეფასებით, მედიის ნაწილმა ჩათვალა, რომ, როდესაც მე-9 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა, რადგან ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ერთი პოლიტიკური გუნდი იყო, ამიტომ ევროპულ საქართველოს შეეშალა და გამორჩა რეგისტრაციის გავლა. თუმცა, ბოკერიას განმარტებით, "მათ" ის ასპექტი გამორჩათ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან მეორე სუბიექტი მაშინაც ბლოკი იყო, რომლის სამართალმემკვიდრეცაა ევროპული საქართველო და სწორედ ამ სუბიექტიდან იყვნენ არჩეული წარმომადგენლები.

ტაბულას ცესკოში უთხრეს, რომ პარტიებმა, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ, რეგისტრაციის გასავლელად ცესკოს უნდა მიმართონ არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

კომენტარები