აშშ-ირანი

ხამენეი აშშ-სთან რაკეტებზე, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას არ თანხმდება

Reuters

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გამორიცხა აშშ-სთან მოლაპარაკებები თეირანის ბალისტიკურ რაკეტაზე, ბირთვულ პროგრამაზე და მან ირანელებს დაჟინებით მოუწოდა, რომ "აშშ-ს ზეწოლას" შეეწინააღმდეგონ.

ხამენეიმ ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა იმისათვის, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენა ვერ შეძლეს.

"ჩვენს ეკონომიკაზე ამერიკის სასტიკი სანქციების მიზანი ჩვენი ეკონომიკის კოლაფსია... მათი მიზანია რეგიონში ჩვენი გავლენის და ჩვენი რაკეტების და ბირთვული [პროგრამის] შესაძლებლობების შემცირება", – თქვა ირანის სულიერმა ლიდერმა.

ის ირწმუნება, რომ ქვეყნის შესაძლებლობებზე დაყრდნობა და ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულების გაწყვეტა ირანს დაეხმარება ამერიკის წნეხისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს, ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, ირანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილებიან და ურანის გამდიდრების შესახებ დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავენ.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ქვეყანა შეთანხმებას ტოვებს. მასში აღნიშნულია, რომ ირანი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას განაგრძობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მან სააგენტოს ინსპექტორს ნოემბერში აკრედიტაცია გაუუქმა და შესვლის უფლება არ მისცა ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ხდება ურანის გამდიდრება.

ეს ირანის მხრიდან შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარის თქმის პირველი შემთხვევა არ არის. შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის შემდეგ ირანი მის პირობებს ნელ-ნელა ტოვებდა, მათ შორის გასულ თვეებში მათ განაცხადეს, რომ ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდნენ. მანამდე ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის გამდიდრება ათჯერ უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები ასევე მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით, 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს, ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშაოს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საჭიროა ახალი, უფრო სამართლიანი და ეფექტიანი შეთანხმების შემუშავება. მის იდეას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც, რომელმაც თქვა, რომ წინსვლის გზა ახალი, "ტრამპის შეთანხმებაა".

22 იანვარს როუჰანიმ ევროპას მოუწოდა, რომ აშშ-სთვის არ მიებაძათ და ირანის ბირთვული შეთანხმებისთვის ძირი არ გამოეთხარათ.

აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ სულ უფრო ფართოვდება. 31 იანვარს აშშ-ში განაცხადეს, რომ ირანის რეჟიმის პროვოკაციული ბირთვული ესკალაციის საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციას (AEOI) და მის ხელმძღვანელს, ალი აქბარ სალეჰის.

კომენტარები