გიორგი რურუას საქმე

ბერაია რურუაზე დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე: კუბილიუსის პოზიციები ახალი არ არის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯის გამო დასავლელი პარტნიორების კრიტიკას და პრეზიდენტისთვის გაკეთებულ მოწოდებებს აფასებს.

ამერიკელმა სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა, ასევე, ევროპარლამენტარებმა, ანა ფოტიგამ და ანდრეას კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, დაიცვას 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება და შეიწყალოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ბერაიას განცხადებით, საქართველოში არც მართლმსაჯულების პოლიტიზება ხდება.

"ჩვენ ვიცით ბატონი კუბილიუსის პოზიციები, ახალი არ არის. ჩვენი პოზიციები ამ საკითხის შესახებ არაერთხელ გამოვხატეთ. მართლმსაჯულების პოლიტიზება საქართველოში არ ხდება, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ასეთი არის დღეს სამართლებრივი სახელმწიფო - საქართველო. შეწყალების საკითხი არ არის არავის გადასაწყვეტი, გარდა პრეზიდენტისა. ხელისუფლების დანაწილების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში რაიმე ფორმით ჩარევის არანაირი ბერკეტი, შესაძლებლობა და სურვილი არ არსებობს", - თქვა მან.

მისივე თქმით, გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი - საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა 2012 წლის ნოემბერში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოიხსენიეს რურუა პოლიტპატიმრად, ბერაია მაინც "ოპოზიციის სპეკულაციებზე" საუბრობს.

"მისი ე.წ პოლიტპატიმრად მოხსენიება ოპოზიციის სპეკულაციებია. 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, გერმანიის ელჩმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ გიორგი რურუას სახელი, ისევე როგორც არც სხვა სახელები და არც ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ ფიგურირებდა შეთანხმებაში და ის, რაც შეთანხმებაში არ ეწერა, მისი ნაწილი ვერ იქნებოდა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვერც ერთ შეთანხმებაში ვერ ჩაიწერება მართლმსაჯულებაში ჩარევის შესაძლებლობა. პოლიტიკა და მართლმსაჯულება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ერთმანეთისგან გამიჯნულია და ასე ხდება საქართველოშიც. პოლიტიკურ პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი პოლიტიკაში ყოფნა". - თქვა მან.

30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის ერთ-ერთი თანამფლობელი, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ და ანდრეას კუბილიუსმა და აშშ-ის სენატორმა, ჯიმ რიშმა.


რიშმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, პრეზიდენტს კი მოუწოდა, შეიწყალოს რურუა.

იგივე მოწოდებები გააკეთეს ფოტიგამ და კუბილიუსმა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. თუმცა, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები