ბულგარეთი

ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

AJ

ბულგარეთში უკვე 22-ე დღეა ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. 30 ივლისს სოფიაში მომიტინგეებმა პრემიერინისტრი ბოიკო ბორისოვის მთავრობის და პროკურორის გადადგომის მოთხოვნით მთავრობის შენობის მოპირდაპირე მთავარი გზაჯვარედინი გადაკეტეს და ათი კარავი დადგეს. 

აქციები სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება.

დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ორგანიზაციის Gallup International-ის მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვით, რომელშიც 800-მა პირმა მიიღო მონაწილეობა, ბულგარელების 59% აქციებს მხარს უჭერს, თუმცა მხოლოდ 25%-ს სჯერა მისი წარმატების. 54%-ს არჩევნების ჩატარება ამჟამად არ სურს, ხოლო 42%-ს სურს.

ივლისის დასაწყისიდან ათასობით მომიტინგე მთავრობასა და პროკურორს კორუმპირებული მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების საქმეების გამოძიების განზრახ გადადებაში ადანაშაულებს და, "სახელმწიფო მიტაცებას" და "მაფიური სტილით მმართველობას" აპროტესტებს.

ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც კორუფციის აღმოფხვრის პირობა აქვს დადებული, თუმცა ჯერჯერობით კორუფციის ბრალდებით არცერთი მაღალჩინოსანი არ დაუკავებია.

იმის საჩვენებლად, რომ მთავრობა კერძო ინტერესების გავლენის ქვეშ არ მოქმედებს, მან  რამდენიმე მინისტრი გაათავისუფლა, თუმცა კადრების შეცვლამ ბულგარეთში არსებული კორუფციის გამო ბრაზი საზოგადოებაში ვერ დააცხრო.

ბორისოვი, რომელიც 2009 წლიდან არის ძალაუფლებაში, ამჟამად თანამდებობის დატოვებას არ აპირებს მომავალი წლის მარტის არჩევნებამდე.

აღსანიშნავია, რომ 11 ივლისს მთავრობისა და პროკურორის გადადგომის მოთხოვნას პრეზიდენტიც შეუერთდა.

მანამდე, ეროვნული დაცვის სამსახურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩხრეკა ჩაატარა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი დააკავა. მომიტინგეები ამ ქმედებას პრეზიდენტ რუმან რადევზე თავდასხმად განიხილავენ, რადგან ის მთავრობას აკრიტიკებს.

ეროვნული დაცვის სამსახური (NSO) პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას შემდეგ შევიდა, რაც რადევმა NSO-ს მოუწოდა, რომ შეეწყვიტა აჰმედ დოგნანის დაცვა. აჰმედ დოგნანი ბიზნესმენი და პოლიტიკური პარტიის, მოძრაობა უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის (DPS) საპატიო თავმჯდომარე და ბულგარეთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. 

ბულგარეთში ბევრი თვლის, რომ DPS ქვეყნის სასამართლო სისტემას აკონტროლებს, მათ შორის პროკურატურას. 

აღსანიშნავია, რომ 11 ივლისს ბულგარეთში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა შავი ზღვის სანაპიროზე, ბურგასთან. მომიტინგეები საჯარო სანაპირო ზოლზე შესვლას ითხოვდნენ, სადაც აჰმედ დოგანის სახლია. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დოგანის დამცველმა ეროვნული დაცვის სამსახურმა ლიბერალური პარტიის ლიდერი სანაპირო ზოლზე არ დაუშვა. პრემიერმინისტრის პარტია GERB-ში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი რადევი ცეცხლს უნთებს პოლიტიკურ კრიზისს.

კომენტარები