ეკონომიკა

წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის ეკონომიკა რეკორდული 14.4%-ით შემცირდა

REUTERS

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ეკონომიკა რეკორდული 14.4%-ით შემცირდა. 11.9% შეადგინა კლებამ წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის სტატისტიკის ბიურო ავრცელებს. 

კიდევ უფრო მოცულობითი იყო კლება ევროზონაში და, შესაბამისად, ყველაზე დიდ ეკონომიკებში, რომლებიც სავალუტო კავშირის წევრები არიან. წლიურ გამოსახვაში ევროზონის ეკონომიკა 15%-ით შემცირდა, ხოლო პირველ კვარტალთან შედარებით - 12.1%-ით. 

1995 წლიდან მოყოლებული, ამგვარი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური კლებაა. ვითარება კიდევ უფრო მძიმეა იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკურად რეცესიის ფაზაში ევროზონის ეკონომიკა ჯერ კიდევ 2019 წელს გადავიდა, გასული წლის ბოლო კვარტალში ევროზონის ეკონომიკამ ნულოვანი ზრდა დააფიქსირა, 2020 წლის პირველ კვარტალში 3.6%-ით შემცირდა.

ევროკავშირის ეკონომიკა მეორე კვარტალში უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე აშშ-სი. შედარებისთვის აშშ-ს ეკონომიკა წინა კვარტალთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკის მოცულობამ 2.9 ტრილიონი ევრო შეადგინა, ევროკავშირისა კი  ჯამურად - 3.4 ტრილიონი. 

ამგვარად, ევროპა დაახლოებით 10-15 წლის წინანდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. არსებული პროგნოზით, პანდემიის მეორე ტალღისა და ამკრძალავი ზომების ხელახლა არ დაწესების შემთხვევაში ევროკავშირის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდება. 

  • მეორე კვარტალში ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, 10%-ით შემცირდა. ლაპარაკია კვარტლურ გამოსახვაზე, თუმცა ეს უკვე ზედიზედ მესამე კვარტალია, რომელშიც გერმანიის ეკონომიკა მცირდება. ამგვარად პანდემიამ ბოლო 9 წელიწადში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა გაანულა და გერმანიის ეკონომიკა 2011 წლის დროინდელ მოცულობას დაუბრუნდა;
  • წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით შემცირდა საფრანგეთის ეკონომიკა, ხოლო წლის პირველ კვარტალთან შედარებით კლება 13.8%-ს გაუტოლდა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის ეკონომიკისთვის ყველაზე მასშტაბური კლებაა;
  • ყველაზე მეტად ესპანეთი დაზარლდა, სადაც წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ეკონომიკა 18.5%-ით შემცირდა. ესპანეთის ეკონომიკა 2002 წლის მოცულობამდე შემცირდა;
  • წლიურ გამოსახვაში 17.3%-ით შემცირდა იტალიის ეკონომიკა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით კლება 12.4%-ს გაუტოლდა. ბოლო ათწლეულში ეს იტალიისთვის უკვე მეოთხე ეკონომიკური რეცესიაა. ამგვარად ქვეყანა 1990-იანი წლების მოცულობას დაუბრუნდა;

ივლისში ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის აღდგენის 750 მილიარდიან გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებული ეკონომიკების აღდგენას მოხმარდება. 1.35 ტრილიონ ევრომდე გაზარდა ლიკვიდურობის მიწოდების პროგრამის მოცულობა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც.

კომენტარები