მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

Apple-ის კაპიტალიზაციამ $1,8 ტრილიონს გადააჭარბა და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია გახდა

0 კომენტარი
ფოტო: Justin Sullivan / Getty Images

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.8 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და უკვე ოფიციალურად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. 

ამგვარად, Apple-მა გადააჭარბა არაბული სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ღირებულებას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიად მიიჩნეოდა. Apple აქამდეც რამდენჯერმე ყოფილა, მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კომპანია, თუმცა Saudi Aramco-ს ღირებულებას პირველად გადააჭარბა.

ამგვარი ცვლილების მიზეზი კი Apple-ის აქციების ფასის 10%-იანი ზრდა იყო, რაც, თავის მხრივ, ბოლო პერიოდში კომპანიის გაზრდილი გაყიდვებით და შემოსავლით იყო განპირობებული. ვითარება საპირისპიროა Saudi Aramco-ში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნავთობზე შემცირებულმა მოთხოვნამ და შემდეგ რუსეთსა და OPEC-ს შორის ჩაშლილმა შეთანხმებამ ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. 

Saudi Aramco-ს აქციების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ საუდის არაბეთის სახელმწიფოს ეკუთვნის თუმცა, გასულ წელს კომპანიამ აქციათა მცირე პაკეტი საფონდო ბირჟაზე განათავსა. საუდის არაბეთის კრონპრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი იმედოვნებდა, რომ ბირჟაზე გასვლის საწყის ეტაპზე კომპანია 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავდა, ხოლო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებდა. 

თუმცა, პრინცის იმედები არ გამართლდა და კომპანიამ მხოლოდ 30 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზოდა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციის მაქსიმალურმა მაჩვენებელმა 1.7 ტრილიონი დოლარი შეადგინა. 

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Saudi Aramco-ს შემოსავალი თითქმის განახევრდა და 37 მილიარდი დოლარი შეადგინა, შედარებისათვის შარშან იგივე მაჩვენებელი 76 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. წლის დასაწყისიდან დღემდე 6,4%-ით არის შემცირებული კომპანიის აქციების ფასიც, თუმცა გაცილებით უფრო მეტად არის შემცირებული სხვა მსხვილი ნავთობკომპანიების აქციების ფასი - Exxon -40%, Shell -50%.

Saudi Aramco-სგან განსხვავებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა Apple-ისთვის. პანდემიის პერიოდში კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა და გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წელს კომპანიის აქციები 45%-ით გაძვირდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები