აქციები რუსეთი

მეოთხე კვირაა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო აქციები იმართება [გალერეა]

0 კომენტარი
ხაბაროვსკი. 2020 წლის 1 აგვისტო. ფოტო: REUTERS

პირველ აგვისტოს რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ათასობით ადამიანმა მონაწილეობა მიიღო დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, მხარდამჭერ და ანტისამთავრობო აქციაში.

უკვე მეოთხე კვირაა, რაც მომიტინგეები პუტინის მიერ ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის მართვას აპროტესტებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ პუტინის მთავრობისადმი ნდობა დაკარგეს და მის გადადგომას მოითხოვენ.

აქციაზე ერთ-ერთ ბანერზე ვკითხულობთ: "რუსეთი პუტინის გარეშე".

არაერთმა მონაწილემ ბანერით "მე/ჩვენ ვართ სერგეი ფურგალი" დაკავებულ გუბერნატორს სოლიდარობა გამოუცხადა. 

"თავისუფლება!"; "ჩვენ აქ საკუთარი ნებით მოვედით!", - გაიძახდნენ მომიტინგეები.

ადგილობრივი მაღალჩინოსნების თქმით, აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 3 500-მა მონაწილემ მიიღო. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მომიტინგეთა რიცხვი დაახლოებით 10 000 ან ამაზე მეტი იყო.

დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.

გასულ დღეებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიას უთხრა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

გასული კვირის დასაწყისში პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად მიხაილ დეგტიარიოვი დაასახელა, მაგრამ მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან მას რეგიონთან კავშირი არა აქვს და მის გადადგომას მოითხოვენ.

30 ივლისს დეგტიარიოვი ირწმუნებოდა, რომ ხაბაროვსკის აქციებზე პროვოკატორები საქართველოდან არიან.

ცენტრ Levada-ს გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% - ნეგატიურად, 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია, ხოლო11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ცენტრის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 23% ასახელებს პუტინს პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები