ეკონომიკა

ისტორიული ანტირეკორდი - წლის მეორე კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა 9.5%-ით შემცირდა

0 კომენტარი
ფოტო: Flickr

შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა 9.5%-ით შემცირდა, თუმცა კლება გაცილებით უფრო დიდია ამერიკული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით. 

აშშ-ს სტატისტიკის ბიურო ყოველკვარტალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ექსტრაპოლირებას მთელ წელზე ახდენს, ამ კალკულაციით აშშ-ის ეკონომიკის კლება 32.9%-ს შეადგენს. ამგვარი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში 1947 წლიდან ეს ყველაზე მასშტაბური კლებაა. 

წინა ანტირეკორდი 1958 წელს დაფიქსირდა, მაშინ ეკონომიკის მოცულობა 10%-ით შემცირდა. ფაქტობრივ გამოსახვაში ნომინალურად ამერიკის ეკონომიკა ნახევარი ტრილიონი დოლარით შემცირდა, თუმცა, თუ კლების ამ მაჩვენებელს მთელ წელზე გავავრცელებთ, კლება 2 ტრილიონ დოლარს აღემატება. 

ეკონომიკის ზომის ამგვარი შემცირება ძირითადად აშშ-ს ფედერალური და საშტატო ხელისუფლების მიერ მიღებული ამკრძალავი ზომებით არის განპირობებული, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით იქნა მიღებული. 

თვითიზოლაციის რეჟიმი ქვეყანაში მარტი-აპრილის პერიოდში ამოქმედდა, თუმცა ამ რეჟიმიდან გამოსვლის დროს უშუალოდ საშტატო ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობები ადგენდნენ. ამკრძალავი ზომების შემსუბუქება ქვეყანაში მაისი-ივნისის პერიოდში დაიწყო, ამიტომაც მესამე კვარტალში ეკონომისტები მშპ-ს 4-4,5%-იან ზრდას პროგნოზირებენ. 

ისტორიულმა კლებამ საბოლოდ დაადასტურა, რომ აშშ-ს ეკონომიკა ამ დროისთვის რეცესიის ფაზაშია, რადგანაც წლის პირველ კვარტალში მშპ-ს კლებამ 5% შეადგინა. ეკონომიკური რეცესიის ტექნიკური განმარტება მიყოლებით ორი ფინანსური კვარტლის განმავლობაში მპშ-ს 2%-ზე ნაკლები ტემპით ზრდას გულისხმობს.

წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულმა კლებამ ბოლო ხუთი წლის ეკონომიკური ზრდა სრულად გაანულა და აშშ-ს ეკონომიკა ფაქტობრივად 2015 წლის მოცულობას დაუბრუნდა.

მკვეთრად დაეცა მშპ-ს თითქმის ყველა ძირითადი კომპონენტი ფედერალური მთავრობის ხარჯვის მაჩვენებლის გამოკლებით. ეს მაჩვენებელი 14.7%-ით გაიზარდა. აშშ-ს კონგრესმა უკვე მიიღო ორი ტრილიონი დოლარის მოცულობის ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოებში დამატებით ერთი ტრილიონი დოლარის მოცულობის გეგმაზე მსჯელობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები