აჭარის ტელევიზია

"დევნის თვალსაჩინო მაგალითია" – EMC აჭარა TV-დან თამშრომლების გათავისუფლებას ეხმიანება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გაშვების ფაქტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და მენეჯმენტისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია და აანონსებს, რომ გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავს .

"2020 წლის 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელი მოაწერა მაუწყებლის საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის სამი თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანებას, რომლის საფუძველზეც სამსახურიდან გათავისუფლდნენ გადაცემა "ჰეშთეგის" ავტორი გიორგი მურვანიძე, გადაცემა "დილის ტალღის" რედაქტორი შოთა გურაბანიძე და გრაფიკოს-მემონტაჟე გურამ ქადიძე. ბრძანებას საფუძვლად დაედო მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ემზარ პაქსაძის ხელმოწერილი რეკომენდაცია, მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

პირველადი სამართლებრივი შეფასებით, მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს მაუწყებლის მენეჯმენტის მიდგომას, ყველა შესაძლო საშუალებებით მოახდინოს მაუწყებლის განეიტრალება კრიტიკული აზრის მქონე ჟურნალისტებისგან და სამსახურიდან გათავისუფლებით, როგორც ყველაზე მკაცრი სანქციით, მათი სამაგალითო დასჯა.

სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებებსა და რეკომენდაციებში მითითებულია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა ძალადობა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც წარმოადგენს გადაცდომას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მაუწყებლის ინტერესებს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ ივლისს მაუწყებელში მომხდარ შემთხვევაზე ტელევიზიის მენეჯმენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რის საფუძველზეც აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი); მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, თუმცა, საქმეზე ამ დრომდე არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და რომელიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. შესაბამისად, მურვანიძისა და გურაბანიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული ინფორმაცია, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირის მიმართ ფიზიკურ ძალადობას სამართლებრივად არარელავანტურია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით პირის დამნაშავეობის საკითხს სასამართლო წყვეტს და დამსაქმებელი მოკლებულია შესაძლებლობას, დისციპლინური წარმოების შედეგად დაადგინოს დასაქმებულის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. გარდა ამისა, რამდენადაც დაუშვებელია ერთსა და იმავე ქმედებას მიეცეს სისხლის სამართლისა და დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია, მაუწყებლის ადმინისტრაცია ვალდებული იყო , დალოდებოდა გამოძიების შედეგებს და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მაუწყებლის დირექტორის მტკიცება, რომ გიორგი მურვანიძემ და შოთა გურაბანიძემ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დასტურდება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე კონფლიქტის დაწყებას ესწრებოდა, მისთვის აღქმადი იყო ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ სხვა თანამშრომლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა, ტელევიზიის დირექტორმა უმოქმედოდ, სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა ადგილი და ამით ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას.

გარდა ამისა, შემაშფოთებელია აჭარის მაუწყებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების შემდგომ პერსონალური მონაცემების ამსახველი ვიდეომასალის ტელევიზიით გავრცელების ფაქტი, რომელსაც თან ერთვოდა მაუწყებლის განცხადება – "მაუწყებლის ადმინისტრაციისთვის ძალადობა მიუღებელია", რაც აჩენს დასაბუთებულ ეჭვს მაუწყებლის მხრიდან გათავისუფლებული პირების მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მათი მოძალადედ იდენტიფიცირების მიზნის არსებობის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა საკვანძო პოზიციების მქონე თანამშრომლების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, ან სხვა სამსახურში თვითნებურად გადაიყვანა. ბოლო გათავისუფლებებიც მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან კრიტიკული ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნის საფუძვლიან ეჭვს ერთიორად ამყარებს.

EMC გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის შესახებ". – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

30 ივლისს სოლიდარობის ნიშნად, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა მაუწყებელთან საპროტესტო აქციაც გამართეს.

კომენტარები