ჭავჭავაძის გამზირი

მერის მოადგილე: ჭავჭავაძე მაგალითია, როგორ უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა ნაკლები საცობისთვის

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირი მაგალითია, თუ როგორ უნდა მოეწყოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რათა ქალაქში ნაკლები საცობი იყოს. 

"ჩვენ რომ ასე გაგვეგრძელებინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეუფერხებლად, მოკლე დროში და კომფორტულად გადაადგილების საშუალება არ მიგვეცა, ორ-სამ წელიწადში უარეს სურათს მივიღებდით, რომლის გამოსწორებაც კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ქუჩას ჰქონდეს მაღალი გამტარიანობა, ნაკლები საცობი გვქონდეს მთლიანად ქალაქში და ნაკლებად დავაბინძუროთ ჰაერი. 

ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, რომ ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქში და ნაკლებად გადავაადგილდეთ მანქანებით, ჯადოსნური ჯოხით ხომ არ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას, ან საცობებს როგორ განვტვირთავთ?"- ამბობს ხმალაძე. 

მისივე თქმით, ჭავჭავაძეზე დღეს მოძრაობის სქემის შეცვლის შემდეგ მიღებული შედეგით მთლიანად სქემის შეფასება არ შეიძლება, რადგან, მისივე სიტყვებით, "ყველა ტიპის ტრანსპორტს სჭირდება ადაპტაციისთვის გარკვეული დრო".  

ილია ჭავჭავაძის გამზირზე პირველი აგვისტოდან ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა ახლად გამოყოფილ, სპეციალურ ზოლებში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. მე-2 და მე-3 ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ამ ზოლებში მხოლოდ ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები ივლიან.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სხვა ავტომობილები პირველ და მეოთხე ზოლში ძველებური მიმართულებით მოძრაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები