ცხოველები

დაკარგული პითონის პატრონი: მე ვიპოვე, განცხადებით პანიკა დათესეს

კადრი ვიდეოდა/ტელეკომპანია პირველი

დღეს, პირველ აგვისტოს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქემ მათ პითონის დაკარგვის შესახებ შეატყობინა, რომელიც თვითონ იპოვეს. პითონის პატრონი კი ტელეკომპანია პირველს ინტერვიუში ეუბნება, რომ გველი თავად იპოვა და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს გავრცელებული განცხადებით საზოგადოებაში პანიკის დათესვა უნდოდა. 

"გველი არ არის საშიში. რისკები იყო იმის, რომ შეიძლებოდა შეშინებოდათ, მაგრამ გველი არის 5 თვის, ძალიან პატარა არის და, აქედან გამომდინარე, რისკს არ წარმოადგენდა სხვების მიმართ. შორს არ წასულა, ამავე ოთახში იყო. ჩემი ძალებით რომ ვერ შევძელი პოვნა, დავრეკე ცხოველთა სააგენტოში, გამოუშვეს რამდენიმე თანამშრომელი. მე ვიპოვე, მაგრამ ძალისხმევა არ დაუშურებიათ. 

ისეთი პოსტი მოგვიძღვნეს, სირცხვილია ეს უბრალოდ. წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა აზრი, რომ საზოგადოების შეყვანა უნდოდათ პანიკაში", - ამბობს მეპატრონე.  

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ მაშველებმა მრავალი კედელი დაანგრიეს, რასაც პითონის მეპატრონე უარყოფს. მისი თქმით, დაკარგული გველი იმავე ოთახში იპოვა, საიდანაც დაკარგა.

"პოსტში ეწერა, თითქოს ძალზედ დიდი გველი არის, საფრთხეს წარმოადგენდა სხვების მიმართ. რეალურად, არ არის ისეთი გველი, რომელსაც შეუძლია ზიანის მიყენება სხვებისთვის. თითქოს, შენობა დაანგრიეს, ევაკუაცია მოახდინეს - არა. მსგავსი არაფერი არ მომხდარა. ეძებდნენ გველს, მადლობა მინდა მოვუხადო, უშუალოდ ვინც ეძებდა. 

ცალსახად პანიკა იყო დათესილი, იმიტომ, რომ თვითონაც აქვთ ნანახი ეს გველი, სურათშიც ჩანს, რა პატარა იყო და არ წარმოადგენდა არავითარ საფრთხეს საზოგადოებისთვის", - ამბობს ის.  

\

კომენტარები