Bellingcat

Bellingcat სქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს

0 კომენტარი

საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. ავტორიტეტულ გამოცემას წარსულში არაერთი საქმე გამოუძიებია. ამჯერად ისინი წერენ იმაზე, რომ პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთან დაკავშირებულ პირებს და მმართველი პარტიის შემომწირველებს კონტრაქტები უკონკურენტოდ გაუფორმეს.

"კორონავირუსზე საპასუხო პირველი ნაბიჯების, განსაკუთრებით კი საგანგებო მდგომარეობის დროს, უკვე გაჩნდა საეჭვო საჯარო შესყიდვების და საქართველოს მთავრობასა და რამდენიმე კომპანიას შორის, რომლებიც მმართველი პარტიის და მათთან დაკავშირებული თანამდებობის პირების შემომწირველები არიან, უკონკურენტო კონტრაქტების პირვლი ტალღა". - ვკითხულობთ გამოძიებაში.

Bellingcat-ის გამოძიების მთავარ ფოკუსს პანდემიის საპასუხო ზომების მიღებისას გაკეთებული შესყიდვები და საკარანტინე ზონებად სასტუმროების გადაკეთების ხარჯები წარმოადგენს. შესაბამისად, საუბარია ჯანდაცვის სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ შესყიდვებზე. გამოცემას მოჰყავს მსგავსი ტენდერების მაგალითები.

გამოძიების ავტორები ეყრდნობიან IDFI-ს მიერ ჩატარებულ უახლეს კვლევას, რომლის მიხედვითაც საგანგებო სიტუაციის პირობებში სამედიცინო აღჭურვილობის და სერვისების მიწოდებაზე გაფორმებული კონტრაქტების ნაწილი ახლად შექმნილ კომპანიებთან გაფორმდა, რომელთაგან ზოგიერთი არ მუშაობდა სამედიცინო სფეროში და მათი ხელმძღვანელობა მმართველი პარტიის შემწირველი იყო. ავტორებმა გამოიკვლიეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული კონტრაქტები.

ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც გამოძიებაშია წარმოდგენილი შეეხება Weekend Ltd.-სთან 2020 წლის 8 აპრილიდან 2020 წლის 10 ივნისამდე გაფორმებულ კონტრაქტებს, რომელთა ჯამური ღირებულება მილიონ დოლარს აჭარბებს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბონდო გოლეთიანია, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას 25 000 ლარი შესწირა. გამოძიების მიხედვით, გოლეთიანია ასევე ფლობს Restaurateur Ltd.-ს და Georgian Mobile Import Ltd.-ს წილებსაც, სადაც მისი პარტნიორები მისივე ოჯახის წევრები, ჭიჭიკო გოლეთიანი და ლექსო გოლეთიანი არიან. ზურაბიშვილის კამპანიას მათ ჯამში 42 996 ლარი შესწირეს, მათმა კიდევ ერთმა პარტნიორმა, შალვა ერისთავმა კი - 60 000 ლარი.

მეორე მაგალითი შეეხება Ad Media Ltd.-სთან განხორციელებულ შესწყიდვებს. კომპანიისგან 40 000-მდე პირბადე შეიძინეს. Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით, კომპანიის 25%-ს ფლობს სერგო გალუსტიანი, რომელმაც ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პერიოდში 100 000 ლარამდე შესწირა. ის ასევე ფლობს კომპანია Respirator Ltd.-ს, რომელიც 2020 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა და მეორე დღესვე 4 მილიონი პირბადის შეკვეთა მიიღო ფონდი ქართუსგან.

გამოძიებამ ასევე მოიპოვა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხელმოწერილ კონტრაქტზე კომპანია GEOFERRUM Ltd.-სთან. მათ სპეციალური დამცავი კოსტიუმები შეუკვეთეს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ძირითად საქმიანობას მეტალის სამშენებლო მასალის გაყიდვა წარმოადგენს. კომპანია 2019 წლის 21 მაისს დარეგისტრირდა და ეს მათი პირველი საჯარო ტენდერი იყო, რომელშიც 521 700 ლარი მიიღეს. გამოძიების მიხედვით, კომპანიის დამფუძნებელი ლევან ლურსმანაშვილი ასევე ფლობს Geoortho Ltd.-ს 100%-იან წილს, რომელიც სამედიცინო პროდუქტებს ყიდის.

"რატომ გაფორმდა კონტრაქტი სამედიცინო აღჭურვილობაზე იმ კომპანიასთან, რომელიც სხვა სფეროში მუშაობს, თუ ისინი ფლობდნენ მეორე კომპანიასაც, რომელიც მუშაობს შესაბამის სფეროში? პასუხი მარტივია: Geoortho Ltd ამჟამად საჯარო შესყიდვების შავ სიაშია "არაკეთილსინდისიერი ქმედებისათვის, რათა მიეღო უფლება შესულიყო საჯარო შესყიდვის კონტრაქტში"."

თავად ლურსმანაშვილმა ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილის კამპანიას ჯამში 35 000 ლარამდე შესწირა. ის ფლობს წილს კომპანია Tandem Ltd.-ში, სადაც მისი პარტნიორები არიან მამუკა ხელაია და დავით კაპანაძე. მათ ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას ჯამში 60 000 ლარამდე შესწირეს.

"კიდევ ერთი საეჭვო შესყიდვა უკავშირდება შეთანხმებას Sheild Ltd.-თან სამედიცინო ტექნიკის მიწოდების თაობაზე, კონკრეტულად კი ერთჯერადი ქუდების და ბახილების მიწოდებაზე. საინტერესოა, რომ კომპანია 2020 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა და კონტრაქტის გაფორმება ორ კვირაზე ნაკლებში მოახერხა.

მსგავსი სწრაფი მიმდევრობა კომპანიის რეგისტრაციის და სახელმწიფოსთან შეთანხმების გაფორმების კუთხით მეორდება TNK Ltd.-ის შემთხვევაშიც, რომელიც 2020 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა და ჯანდაცვის სამინისტროსთან გამარტივებული შესყიდვის შეთანხმებას ხელი მოაწერა 2020 წლის 21 აპრილს.

კიდევ ერთი ახლად დარეგისტრირებული კომპანია, რომელსაც მთავრობასთან აქვს კონტრაქტი, Elit Medical Ltd-ა. ის 2020 წლის 12 მარტს დაფუძნდა და რამდენიმე კვირაში ახლად დაფუძნებულმა კომპანიამ უკვე მიიღო ჯანდაცვის სამინისტროსგან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა - 704 320 ლარი". - ვკითხულობთ გამოძიებაში.

გარდა ამისა, გამოძიების მიხედვით 17 გამარტივებული შესყიდვა, რომელთა საერთო რაოდენობა 2 160 613 ლარს აღწევს, გაფორმდა Doctor Goods Ltd.-სა და სახელმწიფო სააგენტოებს შორის. Bellingcat-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ჩანს, რომ Doctor Goods Ltd.-ს 3 მეწილე ჰყავს. მათგან 49.3% წილს 2020 წლის 28 მაისამდე ფლობდა  Startup Georgia Ltd., ამ თარიღის შემდეგ კი Doctor Goods Ltd.-ის წილები მამუკა ხადურსა და დავით ტვილდიანს შორის გადანაწილდა.

"სავარაუდოდ, მფლობელობაში ეს ცვლილებები იმიტომ მოხდა, რომ კომპანიის მფლობელების და აქტივობების მიმართ ოპოზიციაში ინტერესი გაიზარდა". - წერია გამოძიებაში.

მიზეზი კი ისაა, რომ, როგორც Bellingcat წერს, Startup Georgia Ltd.-ის 100% წილს JSC Partnership Fund ფლობდა, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდია, მისი აღმასრულებელი დირექტორი კი დავით საგანელიძე, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.

"საინტერესოა, რომ 5 წლის განმავლობაში JSC Partnership Fund-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო ნათია თურნავა, რომელიც ამჟამად საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრია". - ვკითხულობთ გამოძიებაში.

რაც შეეხება საკარანტინე ზონებად სასტუმროების გადაკეთების თაობაზე გაკეთებულ შესყიდვებს. ამ შემთხვევაშიც რამდენიმე მაგალითია მოყვანილი.

ერთ-ერთია Group Inn-ის შემთხვევა, რომელიც ფლობს სასტუმროებს - Iveria Inn, Gudauri Inn, Bakuriani Inn, და Royal Inn. მათ მთავრობასთან შეთანხმებას ხელი 13 მარტს მოაწერეს. Iveria Inn-თან კონტრაქტის ღირებულება 1 488 640 ლარია, Gudauri Inn-თან - 700 000 ლარი, Bakuriani Inn-თან კი 675 740 ლარი. გამოძიების მიხედვით, Group Inn-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია პაატა კოკაია. ის Gudauri Inn-ის 40%-იან წილს, Iveria Inn-ის 35, ხოლო Bakuriani Inn-ის 20%-იან წილებს ფლობს, პარალელურად კი ზურაბიშვილის ფონდის მხარდამჭერია და 2018 წელს მას 55 000 ლარი შესწირა. Iveria Inn-ის ყოფილ დირექტორს, რევაზ თავართქილაძეს კი ქართული ოცნებისთვის 10 000 ლარი აქვს შეწირული.

კიდევ ერთი მაგალითია სასტუმრო ყვარლის ედემი, რომლის დირექტორია ალექსანდრე მაღრაძე. საერთაშორისო გამჭვირვალობა წარსულში წერდა:

"2020 წლის 30 მარტს ყვარლის ედემის მფლობელებმა ქართულ ოცნებას ჯამში 65 000 ლარი შესწირეს. რამდენიმე დღეში, კომპანიამ 277 300 ლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით ტურიზმის ადმინისტრაციისაგან".

Bellingcat-ის მიხედვით 2020 წლის 20 მარტს, როდესაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ საკარანტინე ზონები იხსნებოდა, მაღრაძემ ქართულ ოცნებას 5 000 ლარი შესწირა. ამასთანავე, გამოძიების მიხედვით, ყვარლის ედემის მთავარი პარტნიორი Zimo Ltd-ა, რომელიც კომპანიის 50% წილს ფლობს. Zimo Ltd ქართული ოცნების მხარდამჭერია და 2019 წელს 100 000 ლარი აქვს პარტიისთვის შეწირული.

კიდევ ერთი კომპანია, რომლის მაგალითიც გამოძიებაშია მოყვანილი არის კახური ტრადიციული მეღვინეობასადაც კორონავირუსის მქონე პაციენტებისათვის 81 ადგილი გამოყვეს და სანაცვლოდ 185 670 ლარი მიიღეს. კომპანიას ქართული ოცნებისთვის ჯამში 240 000 ლარი აქვს შეწირული. კომპანიის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა. ის ძმასთან, ჯიმშერ ჩხაიძესთან ერთად ასკანელი ძმების დამფუძნებელიცაა. ჯიმშერ ჩხაიძეს ქართული ოცნებისთვის 10 000 ლარი აქვს შეწირული.

"გამარტივებული შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას, საჯარო შესყიდვებზე საქართველოს კანონი ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, სამართლიან კონკურენციას, მიმწოდებლების შერჩევას და სხვა დეტალურ კრიტერიუმებს რაც შერჩევის და გადაცემის პროცესისთვის არის საჭირო.

ჩვენი გამოძიება აჩვენებს, რომ კომპანიების, რომელთაგან ზოგი პანდემიის დროს შეიქმნა, დიდი ნაწილის მეწილეები და მფლობელები მმართველი პარტიის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფინანსური მხარდამჭერები არიან. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი კორუფციაზე. მომავალში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო კონტრაქტების გაფორმების პროცესზე საჯარო ზეწოლა უნდა გაიზარდოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მოქალაქეებისათვის ეფექტური სერვისის მიწოდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ქმედება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია". - ვკითხულობთ გამოძიების დასკვნით ნაწილში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები