თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი: პირადად მე მივაწოდე გამოძიებას ახალი მარშრუტი – დღეს ჩანაწერები უნდა ამოიღონ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"ახალი მარშრუტი არსებობს. ეს მარშრუტი პირადად ჩემ მიერ იქნა მიწოდებული იმიტომ, რომ არცერთ შუამდგომლობაში და არცერთ საგამოძიებო სასამართლო განჩინებაში არ არის მითითებული, რომ ამ მარშრუტის კამერები იყოს ამოღებული. პირადად მე მივაწოდე, უნდა წავიდნენ დღეს. ამოღება უნდა მოხდეს ამ ყველაფრის და გადამოწმება, ხომ არ იყო ამ ლოკაციაზე". – თქვა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ, პირველ აგვისტოს, შაბათის ფორმულამ ბაჩალიაშვილის საქმის შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა. მათი ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა გახსნა საიდუმლო ფაილები, რომლებიც ქართველ მაღალჩინოსნებს ეხებოდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბაჩალიაშვილის მიმართ მუქარა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც ითხოვს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. 

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები