ბიუჯეტი

2019 წელს შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურების ხარჯი 29 მილიონი ლარით გაიზარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელთან შედარებით, გასულ წელს საჯარო უწყებებში შტატგარეშე დასაქმებული პირების ანაზღაურება 29 მილიონი ლარით გაიზარდა და 255 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

შედარებისთვის 2018 წელს იმავე მიზნით ბიუჯეტიდან სულ 226 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამავდროულად თითქმის არ გაზრდილა საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურებისა და თანამდებობრივი სარგოს ჯამური მოცულობები. 

მიუხედავად ამისა, 2019 წლის განმავლობაში პრემიებზე მთავრობამ 35.9 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.6 მილიონი ლარით აღემატება. გაიზარდა გაცემული სახელფასო დანამატების ხარჯიც - გასულ წელს სახელფასო დამატის სახით სულ 234.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 32 მილიონი ლარით აღემატება. 

რაც შეეხება ჯამურად პრემია/დანამატების ერთობლივ მოცულობას, გასულ წელს ამ მიზნით სულ 270 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 36 მილიონი ლარით აღემატება. 

ბოლო წლებში ჯამურად მთავრობის მიერ გაცემული პრემია/დანამატების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2014 წელი — 289,3 მილიონი ლარი;
  • 2015 წელი — 303,5 მილიონი ლარი;
  • 2016 წელი — 322 მილიონი ლარი;
  • 2017 წელი — 305,6 მილიონი ლარი;
  • 2018 წელი — 234,1 მილიონი ლარი;
  • 2019 წელი — 270,4 მილიონი ლარი.

ამგვარად, ბოლო 6 წლის განმავლობაში პრემია/დანამატებზე ბიუჯეტიდან ჯამურად 1,7 მილიარდი დაიხარჯა.

 

კომენტარები