არჩევნები 2020

ბაქრაძე: მთავარი ჩვენი დაპირება არის - კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია

ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენისას პარტიის საარჩევნო დაპირებებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, მათი მთავარი დაპირებაა - კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია. 

მისივე თქმით, მათი გეგმაა, შეამცირონ გადასახადები და იზრუნონ მოსახლეობის დაუცველ ფენებზე. 

"პირველი და მნიშვნელოვანი - ეს გახლავთ გადასახადების შემცირება. ეს ამ კრიზისის პირობებში ნიშნავს ბიზნესის გადარჩენას, ეს ნიშნავს, რომ აღარ მოხდება სამუშაო ადგილების შემცირება, ხალხი აღარ დაკარგავს სამსახურებს და, პირიქით, გადარჩენილი, ფეხზე დამდგარი და გაძლიერებული ბიზნესი არის ის საფუძველი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დაასაქმებს ადამიანებს და მოაგვარებს ამ ქვეყანაში დასაქმების პრობლემას.

სწორედ გადასახადების შემცირება არის ის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, შევაკავოთ ფასების ზრდა, თვიდან თვემდე გაძვირებადი ცხოვრება, რომელიც დამატებით პრობლემებს უქმნის ჩვენს ხალხს. სწორედ გადასახადების შემცირებაა ის ინსტრუმენტი, რომელიც თითოეულ ოჯახს დაუზოგავს თანხას და ჩვენი პროგრამის მიხედვით მინიმალური დაზოგილი თანხა თითოეულ ოჯახზე გადასახადების შემცირებისგან წელიწადში იქნება 2 000 ლარი". - ამბობს ბაქრაძე. 

მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწები ქართველ ხალხს უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს. მისი განმარტებით, მათი პროგრამის ნაწილია, რომ თითოეული მოქალაქე დარეგისტრირდეს, როგორც მეწილე და მოგება, რომელსაც საწარმოები მოიტანს, ხალხს გადაეცეს. 

"ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება საქართველოს ქონების ქართველი ხალხისთვის დაბრუნება. კონკრეტულად, მთელი მიწა სასოფლო-სამეურნეო, სახნავ-სათესები, საძოვრები, ტყეები, პირდაპირ და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ქართველ ხალხს. ჩვენი პროგრამის ნაწილია, რომ ყველა სახელმწიფო საწარმოში, ყველა უძრავ ქონებაში საქართველოს თითოეული მოქალაქე დარეგისტრირდეს, როგორც მეწილე და ეს მოგება, რომელსაც მოიტანს ეს საწარმოები, წავიდეს ხალხთან და არა მთავრობასთან, მაგრამ მხოლოდ კეთილდღეობას ვერ მივაღწევთ, თუ ოჯახები არ არის დაცული, ამიტომ დაცულობა გახლავთ მეორე უმნიშვნელოვანესი დაპირება. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ საქართველოში დაბრუნდა კრიმინალი, ამიტომ კრიმინალის დამარცხება და თითოეული ოჯახის დაცულობა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. 

კრიმინალი უნდა დავამარცხოთ ისე, რომ ამასთან ერთად მთლიანად იყოს დაცული ადამიანის უფლებები და მივაღწიოთ იმას, რასაც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ამ ქვეყანაში, შევქმნათ თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო". - ამბობს ბაქრაძე. 

მისი თქმით, კიდევ ერთი, რასაც პარტია მოსახლეობას ჰპირდება, არის დასავლეთთან ინტეგრაცია. როგორც ბაქრაძე განმარტავს, ქვეყანას ეს ინტეგრაცია სჭირდება იმისათვის, რომ დაამარცხოს რუსული ოკუპაცია და დაუბრუნოს ქვეყანას ერთიანობა.  

"ჩვენ გვჭირდება დასავლეთთან ინტეგრაცია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას და მეტ დასაქმებულ ადამიანს ქვეყანაში. ამისთვის გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან. ჩვენ გვჭირდება დასავლეთთან ინტეგრაცია იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხო საქართველოს, რომელიც არის ნატოს წევრი და სწორედ საერთაშორისო მეგობრების დახმარებით ჩვენ დავამარცხებთ მშვიდობიანად რუსულ ოკუპაციას და აღვადგენთ საქართველოს მთლიანობას და ერთიანობას". - ამბობს ბაქრაძე. 

დღეს, 3 აგვისტოს, ევროპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

კომენტარები