შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებმაც 2 მლნ ლარის ნარკოტიკი ინტერნეტტოტალიზატორით გაყიდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის ოთხი ნარკორეალიზატორი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. "დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულებისგან რამდენჯერმე იყიდეს საკონტროლოდ ჰეროინი, რაც ფარულად ჩაიწერეს.

"პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებს სამინისტრო.

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები