თურქეთი - აზერბაიჯანი

ნახიჩევანში აზერბაიჯანისა და თურქეთის საერთო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

mod.gov.az

აზერბაიჯანში, ნახიჩევანში თურქეთისა და აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტაქტიკური წვრთნები მიმდინარეობს.

წვრთნების ფარგლებში ნახიჩევნის ავტონომიური რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო ქვედანაყოფი და თურქეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი სრულ სამხედრო მზადყოფნაში იყო მოყვანილი და საწვრთნელ ტერიტორიაზე წარგზავნილი.

23 ივლისს, ერთობლივი წვრთნები დაიწყეს სომხეთმა და რუსეთმაც. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან.

ორივე მხარემ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებას, საზღვართან პროვოკაცია უწოდა.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი სომხურმა მხარემ დაიწყო, გახსნა საარტილერიო ცეცხლი და აზერბაიჯანის სტრატეგიული პოსტის ხელში ჩაგდება სცადა.

მოგვიანებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა საზღვართან მდებარე ქალაქი ბერდი დაბომბა, სომხეთმა კი ის პოზიციები გაანადგურა, საიდანაც აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთმა სოფელი აღდამი დაბომბა, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქე, 76 წლის კაცი დაიღუპა. ისინი ირწმუნებიან, რომ სომხეთის მხარეს 100-მდე ჯარისკაცი მოკლეს და სომხეთი ამას მალავს.

ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარეს დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი - პოლკოვნიკი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპა ერთი მაიორი და ერთი კაპიტანი.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.



 

კომენტარები