სერბეთი - აზერბაიჯანი

სერბეთის პრეზიდენტი სომხეთთან იარაღით ვაჭრობაზე: აზერბაიჯანს 10-ჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ

balkanist

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სომხეთთან იარაღით ვაჭრობის საკითხს გამოეხმაურა. პრეზიდენტის განმარტებით, სერბეთი იარაღით სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც ვაჭრობს. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, იარაღით ვაჭრობა ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესია.

“სომხეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი მეგობრები არიან. უკანასკნელ წლებში ჩვენ აზერბაიჯანს ათჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ. სერბეთის სამხედრო ინდუსტრიაში 17 000 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც სამუშაო ადგილები უნდა შეინარჩუნონ. ჩნდება კითხვა: ვის მივყიდით იარაღს მომავალში? ვისაც არ უნდა მივყიდოთ, ვიღაც მაინც იქნება უკმაყოფილო.” - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

19 ივლისს აზერბაიჯანის სამთავრობო მედიამ Haqqin-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც განაცხადა, რომ სერბეთმა სომხეთს მიაწოდა ნაღმტყორცნები, რომლებიც შემდგომ სომხეთმა ტოვუზის დასაბომბად გამოიყენა. 20 ივლისს აზერბაიჯანში სერბეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დანიცა ვეინოვიჩი დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი შეხვდა. ოფიციალურმა ბაქომ სერბეთის ქმედებებს არამეგობრული უწოდა.

აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის განცხადებით, სერბეთმა სომხეთს იარაღი საქართველოს გავლით მიაწოდა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან.

ორივე მხარემ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებას, საზღვართან პროვოკაცია უწოდა.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი სომხურმა მხარემ დაიწყო, გახსნა საარტილერიო ცეცხლი და აზერბაიჯანის სტრატეგიული პოსტის ხელში ჩაგდება სცადა.

მოგვიანებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა საზღვართან მდებარე ქალაქი ბერდი დაბომბა, სომხეთმა კი ის პოზიციები გაანადგურა, საიდანაც აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთმა სოფელი აღდამი დაბომბა, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქე, 76 წლის კაცი დაიღუპა. ისინი ირწმუნებიან, რომ სომხეთის მხარეს 100-მდე ჯარისკაცი მოკლეს და სომხეთი ამას მალავს.

ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხარეს დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთი კი - პოლკოვნიკი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპა ერთი მაიორი და ერთი კაპიტანი.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები